ახალი ამბები

თუშეთში 18 წლის ახალგაზრდის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია, თუმცა ახალგაზრდა, რომელსაც მაშველები რამდენიმე დღეა ეძებენ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნაპოვნი.

,,მაშველებმა სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თუშეთში, ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი ამოიტანეს. შედეგად, მყვინთავებს მიეცათ საშუალება შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე, თუმცა სამწუხაროდ, ახალგაზრდა ვერ იპოვეს.

სამძებრო სამუშაოების პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4 კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება”,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.