ახალი ამბები

საგარეჯოში ახალი სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში სასტუმრო „შატო ხაშმი“ გაიხსნა.

სასტუმროს გახსნას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრნენ.

ააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი აცხადებს, რომ 11 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც ქართული ტრადიციული კერძების რესტორანია განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადგილობრივ დამსვენებელსა თუ ტურისტს საშუალება ექნება სასტუმროში არსებულ მარანში, გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო.მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.

შპს „შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 650 000 ლარს შეადგენს.პროექტის შედეგად, შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი.