რა როლს ასრულებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები რეგიონის განვითარებაში
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების მუშაობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ისინი სხვადასხვა პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ თემის განვითარებას და მოსახლეობის ინფორმირებას მნიშვნელოვან სერვისებსა და საკითხებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე და დონორი ორგანიზაციების მიერ მათი მუშაობის ხელშეწყობაზე ისაუბრეს თელავში კახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით ჩატარებულ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, ,,ევროპის ფონდის” წარმომადგენელები რეგიონში მოღვაწე სამოქალაქო სექტორს შეხვდნენ.
,,ევროპის ფონდის” პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე განმარტავს, რომ რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი და აქტიური სამოქალაქო სექტორი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციები ფლობდნენ სრულ ინფორმაციას, რა მოთხოვნები აქვს დონორ ორგანიზაციას და როგორი უნდა იყოს მათ მიერ დამუშავებული პროექტი.
,,აუცილებელია, რომ რაც შეიძლება მეტი და მრავალფეროვანი იყოს სამოქალაქო სექტორი, ის ჯგუფები, ასოციაციები და ამხანაგობები, რომლებიც საერთო მიზნებს ემსახურებიან. ისინი ეხმარებიან მოსახლეობას სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების მიღებაში, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მუშაობა ადგილზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.
კახეთში გავმართეთ შეხვედრა, შევხვდით არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს. ისინი სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ, როგორც განათლების და ჯანმრთელობის ისე მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებაზე.
ასევე ისინი მუშაობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ითხოვენ სხვადასხვა ჯგუფების უფლებების დაცვას ან მათთვის გარკვეული სერვისების მოწოდებას, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობთ. გარდა ამისა, ისინი აყენებენ ინიციატივებს და მოითხოვენ, რომ თუ არ არის შექმნილი რაიმე სახის სერვისი, რომელიც ამ ჯგუფის საჭიროებაა, შეიქმნას ან დაიხვეწოს’’,- განუცხადა Knews.ge-ს ქეთევან ვაშაკიძემ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საუბრობენ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მათი თქმით, ისინი შუამავლის როლს ასრულებენ მოქალაქესა და თვითმმართველობას შორის.
,,ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ თემის განვითარებაში და ფაქტობრივად შუამავალები ვართ საზოგადოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ბევრი პროექტები განხორციელებულა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, რომელიც მიმართულია მოქალაქეების გააქტიურებაზე, ჩართულობაზე, მათ ინფორმირებასა და არსებული პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ,,ევროპის ფონდის“ ხელმძღვანელობა ჩამოვიდა და გვაცნობს იმ საკითხებს თუ როგორ შეიძლება დაიწეროს პროექტი, რა მოთხოვნებია, როგორ შეიძლება მივიღოთ გრანტი, როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი და სხვა. დონორი ორგანიზაციების დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მათთან პირისპირ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს’’,- განუცხადა Knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თელავი ჩემი ქალაქიას“ ხელმძღვანელმა თამარ ბოტკოველმა.
შშმ პირთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარის“ ხელმძღვანელი, ნინო მაისურაძე განმარტავს, რომ მათი აქტიური მუშაობა დამოკიდებულია დონორი ორგანიზაციების დახმარებაზე. მისი თქმით, გრანტის არარსებობის შემთხვევაში, სათემო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია აქტივობებს ვერ დაგეგმავს და განახორციელებს.
,,მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლი და მუშაობა რეგიონის განვითარებისთვის. მათ უკეთ იციან თავიაანთ თემში ის საჭიროებები და პრობლემები, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა მოაგვაროს. ეს შუამავალი რგოლია საზოგადოებასა და თვითმმართველობას შორის.
აქედან გამოდინარე, თუ არა დონორი ორგანიზაცია, ჩვენ არ აქვს შესაძლებლობა თუნდაც ძვირადღირებული კვლევის ჩატარების, ან საჭიროებების გამოვლენასთან დაკავშირებული კომუნიკაციის ხარჯის გაწევის. ორგანიზაცია ამას დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს. ‘’
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი