თელავში ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
თელავში ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, ლოტბარის ანდრო სიმაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე ანდრო სიმაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ფოლკლორული ანსამბლები: “წინანდალი”, “რუსთავი”, “ბასიანი” “ებგური, “პატარა კახი” და “მზე შინა”.
ანდრო სიმაშვილი თელავის მუნიციპალიტეტუს სოფელ ართანაში დაიბადა. თავდაპირველად მღეროდა ყვარლის ანსამბლში, 1954 წლიდან ანსამბლ “ართანას” ხელმძღვანელობა მის ძმას, მიხეილს დაეკისრა, 1981 წელს ანსამბლი მონაწილეობდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ კომპოზიტორთა კავშირის პლენუმზე და ლაურეატის წოდება დაიმსახურა, 1985 წელს მოსკოვში კომპოზიტორთა კავშირის პლენუმზე კვლავ დაიმსახურა ლაურეატის წოდება;
ამ პერიოდში გაკეთდა ანსამბლის პირველი ჩანაწერები; 2001 წლიდან იყო ქ. თელავის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელი; 2002 წელს მიიწვიეს პარიზში ანსამბლ “ირინოლასთვის” ქართული ხალხური სიმღერების სასწავლებლად;
2009 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამართა მისი შემოქმედებითი საღამო, გამოსცა ორდისკიანი აუდიოალბომი;
ანდრო სიმაშვილი დღესაც ასწავლის ახალგაზრდებს ძველ, მივიწყებულ ხალხურ სიმღერებს.
2013 გახდა ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე ქართული ხალხური სიმღერის აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის, 2008 წელს მიიღო ფოლკლორის ეროვნული პრემია, 2003 წელს ღირსების ორდენი.