ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დაპირისპირების გამო ჩაიშალა
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური იყო. საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ხატია დეკანოიძე და გიორგი ბოტკოველი მივიდნენ და დღის წესრიგში მუნიციპალიტეტისთვის რეანიმობილის შეძენის საკითხის ჩასმა მოითხოვეს.
აღნიშნულმა საკითხმა დეპუტატებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრების დაპირისპირება გამოიწვია, რის გამოც საკრებულოს სხდომა ჩაიშალა.
„ყვარლის მუნიციპალიტეტს არ აქვს რეანომობილი, რის გამოც, უკვე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, დედაჩემის ძმა. ადგილობრივები სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ. მაინტერესებს, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რა გაკეთდა 7 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძის პასუხად განაცხადა, რომ ბესიკ იაშვილის გარდაცვალება არა შეუსაბამო პირობებმა, არამედ სტენდირების ოპერაციის დაგვიანებით გაკეთებამ გამოიწვია, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.
ხატია დეკანოიძე და გიორგი ბოტკოველი ასევე დაინტერესდნენ, ჰქონდათ თუ არა ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც არასრულყოფილი სამედიცინო მომსახურების გამო, ყვარელში 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ქევხიშვილის თქმით, პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.