მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 21 სექტემბერს დაიწყება
თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს წელსაც უმასპინძლებს. ფესტივალი თელავის სახელმწიფო თეატრში 21-29 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, რომ მსმენელის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა თაობის მუსიკოსები: ელისო ვირსალაძე, კოლია ბლახერი, ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, ფუმიაკი მიურა, გორის ქალთა კამერული გუნდი, ნიკოლოზ ნამორაძე და ჯან ჩაკმური.
ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ქება ვაზისა” ელისო ვირსალაძემ 80-იან წლებში დააარსა, რომელიც 2010 წელს, ოცწლიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თელავში ყოველწლიურად იმართება.