ახალი ამბები

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრი ისევ დაიტბორა

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს რეაბილიტირებული გზა ისევ წყლით დაიფარა. გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია.

როგორც თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელი ლადო კახოიძე აცხადებს, პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა საგზაო დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობს.

„56-ე კილომეტრზე, სადაც ფაქტობრივად 2017 წელს გვქონდა მეწყერი, თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად აწეულია წყლის დონე. მისავალი ნაწილი ფაქტობრივად დაფარულია წყლით“, – განაცხადა ლადო კახოიძემ.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.