აქციის მონაწილეები-პანკისის ხეობაში ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
პანკისის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეების თქმით, ადგილობრივებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცონო სამსახურის ერთი ბრიგადაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. ისინი კომპანიას უფლებას არ აძლევენ დაიწყოს სამუშაოები.
სამუშაოების განახლების პარალელურად პანკისის ხეობაში დილიდან სპეცრაზმია და პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები არ აძლევენ საშუალებას აქციის მონაწილეებს, მივიდნენ მძიმე ტექნიკამდე, რომელიც ჰესის მშენებლობისთვისაა ადგილზე მობილიზებული.
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.