ახალი ამბებისტატიები

სოფელ ზემო ქედში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ონლაინ აგრო-მარკეტი შექმნეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ონლაინ მარკეტი ,,აგრო-ქედი“ შექმნეს და ფერმერების მოყვანილი პროდუქტების შესახებ განცხადებების გავრცელება დაიწყეს.

აღნიშნული პლატფორმის მიზანია დედოფლისწყაროში მცხოვრებ ფერმერებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება გაუადვილდეთ.
ონლაინ აგრო-მარკეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი 17 წლის ანანო სუხაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პლატფორმის შექმნის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც სოფელ არხილოსკალოში ,,save the children in georgia”-ს ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ,,ევროკავშირი საქართველოსთვის უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისთვის” დასაქმებისათვის საჭირო უნარების ტრენინგი ჩაუტარდათ.

მისივე თქმით, ტრენინგის ფარგლებში მათ წარმატებული ფერმერი და მეწარმე ბექა გონაშვილი შეხვდათ, რომელმაც მეწარმეობის მნიშვნელოვაზე, სოფლის განვითარებაზე და საკუთარ გამოცდილებაზე მიაწოდატ ინფორმაცია. ახალგაზრდების თქმით, სწორედ წარმატებული მაგალითის განხილვის შემდეგ მოუვიდათ აგრო-მარკეტის შექმნის იდეა.

,,აღნიშნული ტრენინგის დასკვნით ეტაპზე, მეწარმე და წარმატებული ფერმერი ბექა გონაშვილი გვესტუმრა და გვიამბო თავისი გამოცდილების შესახებ. მისი რჩევები იმდენად საინტერესო და სტიმულის მომცემი იყო, რომ მე და ჩემმა მეგობარმა სალომე ბექაურმა გადავწყვიტეთ ამ იდეის განხორციელებაზე დაგვეწყო ფიქრი.

ადრე ვიყავით ორნი და დღეს უკვე ათი ახალგაზრდა ვართ. აგრო მარკეტი გახსნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის ,რომ ჩვენი სოფლის მოსახლეობა წარმოებული პროდუქტის რეალიზებას ვერ ახდენს, ეს კი მათ სტიმულს უკარგავს. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ პროდუქტის გაყიდვის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გზას- ონლაინ გაყიდვებს.

ჩვენი იდეის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს ,,ცოდნის კაფეს’’ წარმომადგენლებმა, ტასო მოდებაძემ და ქეთი მოლაშვილმა, ასევე ,,გადავარჩინოთ ბავშვების” საქართველოს წარმომადგენელმა, ზურა მირზიკაშვილმა. ისინი გვიწევდნენ ონლაინ კონსულტაციებს და მაქსიმალურად ცდილობდნენ იმას ,რომ ჩვენი წამოწყება ყველანაირად დახვეწილი და მისაღები ყოფილიყო მოსახლეობისთვის’’,– განუცხადა agromedia.ge-ს ანანო სუხაშვილმა.

იდეის ავტორების თქმით, ისინი თვლიან, რომ აგრო-მარკეტის დახმარებით სამომავლოდ მუნიციპალიტეტში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მომხმარებელს მიაწვდიან ადგილზე მოყვანილ სუფთა და ნატურალურ პროდუქტს.

ანანო სუხაშვილი განმარტავს, რომ იმისთვის, რომ მათი მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავიდეს, სჭირდებათ დამატებითი ფინანსები, რაც ამ დროისთვის არ აქვთ.

,,ნატურალური პროდუქტის ყიდვა ყველას სჭირდება და უნდა. ჩვენ ამ პლატფორმის დახმარებით შევთავაზებთ ადგილზე ფერმერების მიერ მოყვანილ პროდუქტს მომხმარებელს. იმისათვის, რომ ჩვენი მუშაობა აქტიურ ფაზაში გადავიდეს, საჭიროა, ტრანსპორტირება და მცირე საწყობი.

ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი წამოწყება ეტაპობრივად პროგრესირდება. სამომავლოდ ასევე ვფიქრობთ მცირე აგრო-მარკეტის გახსნას, როგორც დედოფლისწყაროში ისე დედაქალაქში.’’

ანანო სუხაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე ისინი მუშაობენ აგრო-მარკეტის შესახებ ფერმერების და სამიზნე აუდიტორიის ინფორმირებაზე.

,,იმისათვის, რომ აქტიურად დავიწყოთ მუშაობა, საჭიროა ხალხმა გაიგოს ჩვენს შესახებ, ამისათვის აგრო-ქედის მთლიანი გუნდი აქტიურად ავრცელებს განცხადებებს , როგორც სოფლის უბნებში ისე სოციალურ ქსელებში. მომავალში ვგეგმავთ სეზონური ხილის ვაშლის, ალუჩის,ალუბალის და მარწყვის მწარმოებლებთან თანამშრომლობას, რადგან ამ პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის დიდია.

ვიმედოვნებთ, რომ მოსახლეობა არჩევანს შემოტანილ და ქართულ, ნატურალურ ხილსა თუ ბოსტნეულს შორის, სწორედ ქართულზე გააკეთებენ”,– განაცხადა ანანო სუხაშვილმა.