ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის ფოტოგამოფენა და საჯარო ლექცია თელავში
ფოტოგრაფიის მოძრავმა მუზეუმმა თელავის ისტორიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა და საჯარო ლექცია გამართა.
ღონისძიებამ თანამედროვე სამხრეთ კავკასიელი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებზე შექმნილი სლაიდშოუ და უნიკალური თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობის პრეზენტაცია გააერთიანა.
სლაიდშოუსთან ერთად გაიმართა თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის თანამდამფუძნებლის ნესტან ნიჟარაძის საჯარო ლექცია “რეალობაში და მის მიღმა : ფოტოგრაფიული გამოსახულების 3 საუკუნე საქართველოში“.
ნესტან ნიჟარაძეს თქმით, სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი თბილისის ფოტოგრაფიის და მულტიმედიის მუზეუმის ორგანიზებულია და პროექტის “სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის“ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა.
მისი თქმით, პროექტი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული.
,,უკანასკნელი წლების მანძილზე ფოტოგრაფიული სცენა მხოლოდ ამეირკავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ვითარდება. ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მიზნად ისახავს, საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის პროვინციების პუბლიკისთვისაც გახადოს ხელმისაწვდომი თანამედროვე მსოფლიო ფოტოგრაფიის უახლესი ნიმუშები გასვლითი ღონისძიებების მეშვეობით.
დღეს ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა, რომელიც რიგით უკვე მეექვსეა. მანამდე ვეწვიეთ თუშეთს, ქუთაისს, ზემო ნიქოზს, ბაქოს და ერევანს.
თელავში ჩვენი პარტნიორები იყვნენ ისტორული მუზეუმი და მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება მოიცავდა ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: საჯარო ლექციას, რომელიც შეეხებოდა საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან 21-ე საუკუნის ჩათვლით ფოტოგრაფიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს და ასევე ფოტოგამოფენას, რომელშიც გაერთიანებული იყო როგორც ქართველი ასევე საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრები’’,- განუცხადა knews.ge-ს ნესტან ნიჟარაძემ.
თელაველი ფოტოგრაფის, გიორგი ჩეკურიშვილის თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ფოტოგრაფიის განვითარებას რეგიონებში და აღნიშნული საკითხის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
,,მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიის განვითარებისთვის. მიხარია, რომ შეხვედრაზე ბევრი ახალგაზრდა დავინახე რომელიც ამ თემით არის დაინტერესებული. ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო დამსწრე აუდიტორიის ინფორმირებას, რომ მათ უკეთ გაიგონ რას ვაკეთებთ ფოტოგრაფები და რისი გადმოცემა გვინდა ჩვენ თითოეული ფოტოთი’’,- განაცხადა გიორგი ჩეკურიშვილმა.