ლაგოდეხის საკრებულოს აპარატის უფროსი და ჟურნალისტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რადიო “ჰერეთის” ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს გიორგი მესხიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
დავით ჭაბაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის დროს ტელეფონზე დაურეკეს და სხდომათა დარბაზიდან გარეთ გავიდა, რის გამოც მას გიორგი მესხიშვილი დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტი საკრებულოს თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
,,სხდომის მიმდინარეობის დროს ტელეფომნა დარეკა. საკრებულოს მუშაობაში ხელი რომ არ შემეშალა, სხდომათა დარბაზი დავტოვე, რომლის დროსაც საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი მესხიშვილი დამედევნა, ქურთუკში ხელი მომკიდა და შემაჯანჯღარა.
მან მითხრა რომ წესიერად მოვქცეულიყავი, რადგან საკრებულოს რეგლამენტს ვარღვევდი, დეპუტატებს მუშაობაში ხელს ვუშლიდიდა ვიწვევდი ხმაურს. ვთვლი, რომ ეს არის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა და მოვითხოვ საკრებულომ მოახდინოს რეაგირება, რომ მომავალშიც აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტი”,– განაცხადა დავით ჭაბაშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია ამბობს, რომ რეგლამენტი ჟურნალისტს საკრებულოს სხდომაზე გადაადგილების საშუალებას არ უზუღუდავს.
,,ეს არის ცუდი ფაქტი. თუ დადასტურდება, გიორგი მესხიშვილის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი, მას გამოეცხადება სიტყვიერი საყვედური”,– აღნიშნა კახა ჯამბურიამ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს უფროსი გიორგი მესხიშვილი აღნიშნულ საკითხზე კომენტირებას თავს არიდებს.