ველისციხის ქვევრის ღვინოები ტურისტების გულებს იპყრობს
სოფელ ველისციხეში თითქმის ყველა სახლის სარდაფი ღვინის პატარა ლაბორატორიაა. აქაური ქვევრის ღვინოები განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა.
,,ბეროზას“ ღვინის მარანში მდებარე 12 ქვევრი 30 ტონა ყურძნის მიღება/გადამუშავების შესაძლებლობას იძლევა. მარანი ორი საუკუნის წინ ავალიშვილების ოჯახში, დიდი პაპის მიერ აშენდა, – აცხადებს ჩვენთან საუბარში მეწარმე ზურაბ ბეროზაშვილი, რომელმაც ავალიშვილების მარნები და ღვინოების ტრადიცია აღადგინა და ქვეყნის გარეთ გატანაშიც წვლილი მიუძღვის.
საბჭოთა კავშირის დროს ავალიშვილებს საკუთრება ჩამოართვეს და აქ კოლმეურნეობის სახელით იწურებოდა ყურძენი. შემდეგ წარმოება შეწყვიტეს.
მოგვიანებით, ზურაბ ბეროზაშვილმა გადაწყვიტა, რომ მარნისთვის ფუნქცია დაებრუნებინა. გათხარეს მიწაში დამალული ქვევრები და გაასუფთავეს ტერიტორია. ასე დაიწყო სიძე-სიმამრის ოჯახური ღვინის წარმოება, რამდენიმე წლის წინ კი აქცენტი ტურისტულ ბიზნესზე გადაიტანეს.
„ბეროზას“ ღვინოების მწარმოებლები ყურძენს მიკრო ზონების მიხედვით არჩევენ, რაც ღვინის ხარისხსა და გემოვნურ თვისებებს განაპირობებს.
,,ამჟამად ამერიკიდან გვაქვს შემოთავაზება, რომ შეიძინონ ჩვენ მიერ წარმოებული ღვინოები. ქვევრის ღვინოები ყველაზე მოთხოვნადია. ყურადღებას ვამახვილებთ პროდუქციის ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჩვენთან გერმანელები ყიდულობენ მცირე ზომის, ძირითადად ერთ ტონიან ქვევრის ღვინოს, მიაქვთ და გერმანიაში აკეთებენ ჩამოსხმას, რომელსაც თითქმის 180 ევროდ ყიდიან,’’ – ამბობს მარნის მეპატრონე.
,,ბეროზას ღვინის მარანში’’ ტურისტებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინოები: ქისი, მწვანე, რქაწითელი, ხიხვი, საფერავი, აქედან საფერავი და ხიხვი – როგორც ქვევრის მშრალი ასევე, ტკბილი შემაგრებული.
,,ჩემი მიზანია, ქართული ქვევრის ღვინოს პოპულარიზაცია, რომელიც გახდება უფრო მოთხოვნადი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და იქნება ერთ-ერთი ძვირადღირებული პროდუქტი“, – ასეთია „ბეროზას“ ღვინის ფილოსოფიაა.
იხილეთ ვიდეო:
ავტორები: ნინი ასანაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი