ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელები საავადმყოფოებიდან გაწერეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლულმა აღსაზრდელებმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვეს.
13 აღსაზრდელს თელავის ბავშვთა საავადმყოფოში მკურნალობდნენ, 10 კი რეფერალურ კლინიკაში იყო მოთავსებული. როგორც „კახეთის ხმას“ თელავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა განუცხადა, ყველა აღსაზრდელს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ანალიზი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ექიმები ბავშვებს მთელი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ. არცერთს არ ჰქონია გართულება. დღეს ჩაუტარდათ ანალიზები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმყოფილებელია.
აქ იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც სინჯები წაიღეს შემდგომი გამოკვლევებისთვის. ბავშვთა ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი სწორედ ამ გამოკვლევების შემდეგ გახდება ცნობილი”- განაცხადა თამილა თეიმურაზიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 20-ზე მეტი ბავშვი გუშინ მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თინათინ ხანჯალიაშვილის ინფორმაციით, ბავშვთა მოწამვლის ზუსტი მიზეზის დადგენამდე სააღმზრდელო დაწესებულება დაკეტილი იქნება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი