ახალი ამბები

თელავის რაგბის გუნდი ,,ჭადარი” რეგიონულ პირველ ლიგაში გადავიდა

პირველად თელავის ისტორიაში “ჭადარი” რეგიონულ პირველ ლიგაში ავიდა და ლიგის მუდმივ ბინადრებს აჯობა.

გუნდის მენეჯერი, თენგიზ ცისკარიშვილი აცხადებს, რომ გუნდმა ამ მიმართულებით მუშაობა 2016 წელს დაიწყო და დასახულ მიზანს, ლიგის წევრი გამხდარიყო, თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.

,, 2016 წლიდან დავიწყეთ ამ მიმართულებით გააქტიურება. პირველად მაშინ დავრეგისტრირდით. სამოყვარულო ლიგით დავიწყეთ და შევუდექით განვითარებას. 2021 წლამდე ქვედა ლიგაში ვთამაშობდით და ამ პერიოში ორ ნახევარფინალში ვითამაშეთ. ვიყავით მზარდი გუნდი და არ გაგვიჩერებია მუშაობა. ადრე პირველი ლიგა იყო 10 გუნდიანი. შემდეგ, ნახევარფინალისტები, ვისაც კარგი შედეგი ჰქონდა დაგვამატეს და გახდა 12 გუნდიანი. ასე აღმოვჩნდით ზედა ლიგაში.

ექვს-ექვსი გუნდი იყო შექმნილი A და B ჯგუფში. აქედან კი მოწინავე 6 ჯგუფი ამოირჩა, ვინც 2021 და 2022 წლებში გარანტირებულად იქნება პირველ ლიგაში. წელს ჩვენი მიზანი ამ ლიგაში დარჩენა იყო. პანდემიამ ხელი შეგვიშალა ბევრი კუთხით. 13 მარტს გორში მივდიოდით, უნდა გვეთამაშა ნახევარფინალზე ფინალში გადასასვლელად, თუმცა პანდემიის გამო ყველაფერი გაჩერდა და გადაიდო. სწორედ მხოლოდ წელს, ამიტომ მოხდა ამ გუნდების ასე გადანაწილება და აღმოვჩნდით პირველ ლიგაში.

რაც მთავარია, ჩვენ ამ ურთულეს ტურნირში შევძელით და შევინარჩუნეთ მოწინავე ექვსეულში ყოფნა. ამით კი გავინაღდეთ ლიგაში მონაწილეიბა.

ახლა ვიწყებთ განვითარებას. რაც მთავარია, მიზანი მიღწეულია და გვაქვს შესაძლებლობა ვიბრძოლოთ მესამე ან მეოთხე ადგილისთვის. ასევე ჩვენი მიზანია შევქმნათ მომავლის გუნდი. გვაქვს ბავშვთა სკოლა, სადაც 200-მდე დამწყები მორაგბე გვყავს და ვავარჯიშებთ,- განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ ცისკარიშვილმა.

მისი თქმით, პირველად კლუბი ,,ჭადარი” 1981 წელს დაარსდა, თუმცა შემდეგ მუშაობა შეაჩერა.

,, 2015 წელს მე ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე გაგვეგრძელებინა ამ კუთხით მუშაობა. შევქმენით და იურიდიულად დავარეგისტრირეთ კლუბი ,,ჭადარი”. მანამდე მე ისე ვავარჯიშებდი ბავშვებს.

ჩვენი მიზანია არამარტო თელავში, არამედ კახეთის რეგიონი განვითარდეს რაგბის კუთხით. თელავის 6 სოფელში გვაქვს გახსნილი კერები. სამომავლოდ გვინდა ყარაჯალაშიც გავხსნათ. ასევე სხვა მუნიციპალიტეტშიც ვგეგმავთ საქმიანობის დაწყებას. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს”,– განაცხადა თენგიზ ცისკარიშვილმა.