ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე სასტუმროს და კაფეტერიის აშენებაზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტომ ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6000 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.
იგი აღნიშნულ ტერიტორიაზე ითვალისწინებს სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობას.
,,ელექტრონული აუქციონი ტარდება ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 წლის ვადაში უზრუნველყოს სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობა.
ტურისტული ინფრასტრუქტურის აშენება/მოწყობის მიზნით უზრუნველყოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
ობიექტების (კაფეტერია, სასტუმრო) არქიტექტურული პროექტი (რენდერი), წინასწარ, შესაბამის მშენებლობის ნებართვის გამცემ უფლებამოსილ უწყებაში წარდგენამდე შეათანხმოს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“,- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.