სოფელ შალაურში ქვევრის ფორმის კოტეჯები და სასტუმრო შენდება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ბიზნეს კლასის სასტუმრო “ქვევრი” გაიხსნება.
იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელი ბიზნესმენი, გიორგი კლდიაშვილი განმარტავს, რომ ეს იქნება სრულიად განსხვავებული კონცეფციის კოტეჯები და ადგილზე მისულ ტურისტებს ქვევრის ფორმის ნომრებში განათავსებენ.
გიორგი კლდიაშვილი ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.
მისი თქმით, კოტეჯებისა და სასტუმროს გარდა, 3 ჰექტარზე მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ბარი, მარანი, სპა, ტერასა, საბავშვო და დიდი აუზები.
,,პროექტი ფინანსდება პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების, მაღალი დონის სასტუმრო. მთლიანი ტერიტორია 3 ჰექტარია.
კომპლექსში შედის მთავარი შენობა, სადაც არის 15 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, ქართული კერძების რესტორანი, ბარი, ტერასა, აუზები, საბავშვო გასართობი ადგილი. სასტუმროს ტერიტორიაზე გავაშენებთ ყურძენს და სრულად გავამწვანებთ’’,- აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.
კომპლექსში ჩვეულებრივი ნაგებობის გარდა, ქვევრის ფორმის კოტეჯები შედის.
,,რაც შეეხება სივრცის განსხვავებულ კონცეფციას, 15–ნომრიანი ძირითადი შენობა და ნომრების სახით წარმოდგენილი 20-მდე ქვევრი იქნება. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ ამით ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს”, – ამბობს კლდიაშვილი.
მისივე თქმით, ქვევრის ფორმის კოტეჯი, დაახლოებით, 30 კვ/მ. მყარი და გამძლე ნაგებობა იქნება, რომელიც აღჭურვილი იქნება თერმორეგულაციით, ინტერნეტით და სხვა სახის კომუნიკაციებით.
,,ქვევრის ფორმის კოტეჯებს ექნება 2.5 მ/3მ-ზე ვიტრაჟული შესასვლელი, საიდანაც პირდაპირ იშლება ხედი კავკასიონსა და ალაზნის ველზე. შალაური თელავის ცენტრიდან ხელის გულივით მოჩანს. ამიტომ, განათებული ქვევრები ძალიან ლამაზი სანახავი იქნება ქალაქიდან. ამ კონსტრუქციას გარედან ექნება ქვევრის ფორმა, შეფერილობა და ვიზუალი.’’
მისივე განმარტებით, იდეის მთავარი მიზანია ხელი შეეწყოს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას. ქვევრის ფორმის კოტეჯები ძირითადად, ტურისტების მისაღებად იქნება გათვლილი.