ახალი ამბები

შსს-მ კახეთში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, სოფელ აფენში ნარკორეალიზატორი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1972 წელს დაბადებული ე.ა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელეს.

პოლიციამ ე.ა.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.