კახეთის გუბერნატორი შვედეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფება
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი შვედეთში, ქალაქ სტოკჰოლმში სასწავლო ვიზიტით იმყოფება.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტი წარმოადგენს საქართველოში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერისა და შესაძლებლობების ზრდის პროექტის დამატებით აქტივობას.
,,პროექტი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, სახიფათო ნარჩენების მართვა და რეკომენდაციების გაწევა ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი კანონმდებლობის განხორციელებაზე, რომელიც განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებით.
პროექტი ემსახურება გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის სისტემას ქვეყანაში, რათა შემცირდეს ნარჩენების მართვის და განთავსების არსებული პრაქტიკის უარყოფითი ზეგავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე“, – აცხადებენ კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
პროექტი ხორციელდება შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას”, შპს „ჰიგიენასა” და შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად.
ნატალია ცისკარაშვილი