თელავში სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის სოციალურმა მუშაკებმა თელავში აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
მათი თქმით, გასაკეთებელი საქმე ბევრია და ყოველთვიური ანაზღაურება კი ნაკლები. სოციალური მუშაკი ნინო ელიოზიშვილი განმარტავს, რომ ხელფასის სიმცირის გარდა, მათ გადაადგილება სოფლებში საკუთარი ხარჯებით და ხშირ შემთხვევაში ფეხით უწევთ.
,,ჩვენ 30 სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, რაც აღემატება ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს. გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და დაბალი ანაზღაურება. მაგალითად: ოჯახებში, ბაღში, პოლიციაში და სხვა დაწესებულებებში ჩვენი ხარჯით ან ფეხით დავდივართ.
განსაკუთრებით რთულია სოფლებში სიარული, სადაც გვიწევს ფეხით სიარული. გარდა ამისა, ძალიან ბევრ ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებთ, რომელსაც სოციალური მუშაკი არ უნდა აკეთებდეს.
ამას დიდი დრო მიაქვს და ჩვენი კლიენტის გაძლიერებას, მათთან ხშირად მისვლას, მხარში ამოდგომას, სხვადასხვა უწყებაში ადვოკატორებას ვეღარ ვასწრებთ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ელიოზიშვილმა.
აქციის მონაწილეები დაწესებულებაში კადრების სიმცირეზეც საუბრობენ. მათი თქმით, თანამშრომელთა მცირე რაოდენობის გამო ბენეფიციარების დროულად დახმარებას ვერ ახერხებენ.
,,ფსიქოლოგის და იურისტის დამატება აუცილებელია. ზოგადად ძალიან ცოტა ვართ, ბევრია საქმე და ვეღარ ვაკეთებთ ხარისხიანად. ამით ვზარალდებით როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი ბენეფიციარები’’,- აღნიშნა აქციის მონაწილე ელენე ტორიაშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი