სოფელ ანაგის მოსახლეობა სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციას ითხოვს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციას სთხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სასაფლაოსკენ ერთადერთი გზა მიდის, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაშია და ისეა დაზიანებული, რომ ფეხით და მანქანით გადაადგილება უჭირთ.
სოფელ ანაგაში მცხოვრები ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა წვიმიან დღეებში მწვავდება, რადგან გზა ტალახიანდება და არა მხოლოდ ფეხით, არამედ ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
,,ეს გზა ჩვენთვის და სოფლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან სასაფლაოს უკავშირდება. გზა ისეა დაზიანებული, რომ ზაფხულში ფეხით და მანქანით ვერ ვახერხებთ გავლას. პრობლემა კი წვიმიანი ამინდების შემდეგ მწვავდება, რადგან გზა ტალახიანდება და მანქანითაც შეუძლებელი ხდება სასაფლაომდე მისვლა. ხშირად მანქანები ტალახზე მოცურდებიან ხოლმე და ხევში ვარდებიან. ამ პრობლემით დროულად უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და მის მოგვარებაზე იფიქროს. რამდენი ხანია, რაც ამ გზის შეკეთებას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციას დაგვპირდა გიორგი გოგილაშვილი ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მერობის კანდიდატი იყო’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი განმარტავს, რომ პრობლემის სრულად მოგვარება სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ანაგისთვის გამოყოფილი 20 000 ლარით შეიძლებოდა. მადონა ბატიაშვილი ამბობს, რომ სოფლის კრებაზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ პრობლემად არა სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, არამედ სკვერის მოწყობა აირჩია. ბატიაშვილის თქმით, თვითმმართველობა პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებას საბიუჯეტო სახსრებით შეეცდება და გზის მოხრეშვის სამუშაოებს განახორციელებს.
,,სასაფლაოსკენ მიმავალი გზის სრული რეაბილიტაციისთბის წელს თანხები არ გვაქვს. თუ მოსახლეობისთვის ეს გზა უფრო პრიორიტეტული იქნება, მომავალი წლის რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით მოვაგვარებთ. ახლა კი ადგილობრივი ძალებით მხოლოდ მოხრეშვა შეგვიძლია. ,,სოფლის დახმარების პროგრამის’’ ფარგლებში სოფელმა სკვერის მოწყობა აირჩია. შეხვედრაზე ეს საკითხი არ დაუყენებიათ. აპელირებენ, რომ სოფლის კრებებზე ადმინისტრაციული რესურსი იყო მობილიზებული და იმათ გადაწყვიტეს რა უნდა გაკეთდესო, ამას არ ვეთანხმები. შეხვედრის შესახებ 10 დღით ადრე მერიის ფეისბუქ გვერდზეც იყო ინფორმაცია გავრცელებული და განცხადება სოფელშიც საჯარო თავშეყრის ადგილებზე იყო გამოკრული. ნებისმიერს შეეძლო მოსვლა და აზრის გამოთქმა’’,- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას მადონა ბატიაშვილმა.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სოფელ ანაგის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.