სამართლიანი არჩევნები – ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მთავრობის მაღალჩინოსნებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება თელავში ე.წ. ლეგიონის დასახლებაში მცხოვრები პირებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი.
მესამე სექტორში თავრობის ამ ინიციატივას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების“ შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ დაპირებებმა.
,,ხელისუფლება მეორე ტურის წინ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია – „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახის ადმინისტრაციულ რესურსზე, ცდილობს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსი ფინანსური და აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაზარდოს. 3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თელავში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ. „ლეგიონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ. დაგეგმილია საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანაც, რომლის შემდეგაც ბინებს მოსახლეობას ეტაპობრივად გადასცემენ’’, – აღნიშნულია ანგარიშში.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის ინიციატივას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად არ მიიჩნევს. ირაკლი სესიაშვილი ლეგიონის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს და ყოფილ სამხედრო პირებს უკვე შეხვდა და ბინების გადაცემის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო.
,,ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს, თელავის ლეგიონის მცხოვრებლებს ვაცნობე, რომ უახლოეს დღეებში მათთვის ბინების გადაცემა დაიწყება. ვისაც გონია, რომ ეს საარჩევნოდ კეთდება, დაე ეგონოს. ამ ადამიანებმა კი ნამდვილად იციან, რომ ჩემი უშუალო ძალისხმევით, 2016 წლიდან, მოვახერხეთ ის, რომ თავდაცვის სამინისტრომ ყველა ბინის აზომა და რეგისტრაციაში გაატარა, ასევე გადაწყდა, რომ ეს შენობები გადაცემულიყო ეკონომიკის სამინისტროს შემდგომი დაკანონების მიზნით. როგორც იქნა, მივედით სასურველ შედეგამდე. უახლოეს დღეებში ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას. მერე უკვე თელავის მერია მიხედავს ყველა შესაბამისი კეთილმოწყობითი საკითხების მოგვარებას’’,– განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ლეგიონის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ ბინების საკუთრებაში გადაცემაზე საუბარი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაიწყო. ლეილა ბალხამიშვილის ინფორმაციით, დასახლებაში უკვე იმყოფებოდა სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.
,,2012 წელს ამ დასახლებაში მაცხოვრებლების ნაწილს ერთ ლარად გადაეცათ ბინები საკუთრებაში. დარჩა ზედა 4 კორპუსი და დღემდე ველოდებით ბინების დაკანონებას. როცა 2012 წელს შეიცვალა მთარობა, შემდეგ აღარ მოგვაქციეს ყურადღება. როდესაც არჩევნების პირველმა ტურმა ხელისუფლებისთვის არასასურველი შედეგი აჩვენა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბინების გადმოცემა გაგრძელდება. გარდა ამისა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი ადგილობრივები წავიდნენ მთავრობის წარმომადგენლებთან და მოითხოვეს ბინების დაკანონება 1 ლარად. ამის შემდეგ ჩამოვიდა სპეციალური კომისია, რომელმაც ბინების სიების ნაწილი ჩამოიტანა. პრობლემურ ბინებზე კი, სადაც ბოლო ათეული წლების მანძილზე თითო ბინაზე 2 და 3 განცხადებაა გაგზავნილი სამინისტროებში საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, სია არ მოიტანეს. მათ შორის ჩემს ბინაზეც, რადგან ჩემზე წინ აქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხვა ცხოვრობდა და მასაც აქვს გაგზავნილი მოთხოვნა დაკანონებაზე. მე კომისიის წევრებს მივაწოდე ინფორმაცია, რომ 25 წელია აქ ვცხოვრობ და ბინაც საკუთრებაში მე მეკუთვნის. დაგვპირდნენ, დაგვეხმარებოდნენ და პასუხსაც გამოგვიგზავნიდნენ. პასუხი გასულ კვირას უნდა მოსულიყო, მაგრამ ამ დრომდე არავინ შემოგვხმიანებია. იმედი გვაქვს, გვიპასუხებენ’’,- აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას ლეილა ბალხამიშვილი.
ავტორი: მაკა ხაზიური