სავარუდო ზეწოლა საჯარო მოხელეებსა და ამომრჩევლებზე კახეთში
,,სამართლიანმა არჩევნებმა“ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეწოლისა და პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე ანგარიში გამოაქვეყნა.
მესამე სექტორი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან საჯარო მოხელეებზე, ბაღის და სკოლის თანამშრომლებზე და სხვა ამომრჩევლებზე ზემოქმედებისა და ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე მიუთითებს. შუალედურ ანგარიშში მოხვდა გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებული ზეწოლისა და დარღვევების ფაქტები.
“6 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გარსევან ბუხნიკაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა, რომ საგარეჯოს მერის წარმომადგენლებს და მერიის სამსახურების უფროსებს უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები სამსახურიდან წასვლის თაობაზე კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე. ბუხნიკაშვილის ინფორმაციით, თუ სალომე ზურაბიშვილი წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ზემოთ ხსენებული პირები დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს. ასევე სიღნაღის სოფლების ტერიტორიულ ორგანოებში იმართება პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა შეხვედრები სკოლების დირექტორებთან, საბავშვო ბაღების და სოფლის ბიბლიოთეკების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთმა სოფლის ბიბლიოთეკარმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას დაურეკა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა და უთხრა, რომ მისულიყო მერის წარმომადგენელთან და ის მისცემდა კონკრეტულ დავალებას, თუ რა უნდა გააკეთოს წინასაარჩევნოდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეებზე ხორციელდება ზეწოლა, კერძოდ ისინი მუნიციპალიტეტის ხელმძვანელობამ გააფრთხილა, რომ თუ მათ საარჩევნო უბნებზე სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს, სამსახურებს დაემშვიდობებიან. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს საჯარო მოხელეებმა, რომელთაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს. გარდა ამისა, გურჯაანის მერიის თანამშრომლები ადგილობრივი ამომრჩევლების სატელეფონო გამოკითხვას აწარმოებენ, რომლის ფარგლებშიც ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმა”, – აღნიშნულია ,,სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ორგანიზაციის ანგარიშში ასევე მოხვდა ვეჯინის საბავშვო ბაღის დირექტორის, თამარ სიბაშვილის სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტიც, რომელსაც “კახეთის ხმამ” ვრცელი სტატია მიუძღვნა.
ამომრჩევლის ნების მასობრივ ზეგავლენაზე საუბრობს ოპოზიციაც. ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ბუწაშვილი ამტკიცებს, რომ გურჯაანში ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პედაგოგებს მათი ოჯახის წევრებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ავალებენ.
,,მეორე ტურისთვის პედაგოგებზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება. სკოლის და ბაღის პედაგოგებს იბარებენ და ღიად სთხოვენ, არჩევანი სალომეს სასარგებლოდ გააკეთონ. ზეწოლაა ასევე მათ ოჯახებზეც. პედაგოგებს ეუბნებიან, რომ მიიყვანონ ოჯახის წევრები არჩევნებზე, რომლებმაც ხმა მათ კანდიდატს უნდა მისცენ‘’,-აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას თემურ ბუწაშვილი.
წინასარჩევნო პერიოდში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ ამომრჩევლებიც. ისინი ირწმუნებიან, რომ ,,ქართული ოცნების“ აგიტატორები მათ სახლში აკითხავენ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებენ.
,,არჩევნების პირველ ტურამდეც მოდიოდნენ მმართველი პარტიის აგიტატორები და მოგიწოდებდნენ სალომე ზურაბიშვილისთვის მიგვეცა ხმა, თორემ სხვა პარტიის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდით. მეორე ტურამდე პერიოდშიც ხდება მსგავსი ფაქტები. მოდიან, გვეკითხებიან ვის ვაძლევთ ხმას, გვეუბნებიან რომ სალომე ზურაბიშვილს მივცეთ ხმა. ეს ჩვენზე ცუდად მოქმედებს, რადგან გვეშინია’’,- ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას სიღნაღში
მცხოვრები ამომრჩეველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ სურს.
თვითმმართველობის მხრიდან საჯარო მოხელეებზე, პედაგოგებზე, ბაღის თანამშრომლებსა და მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტებს უარყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი. მადონა ბატიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და მერიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
,,საჯარო მოხელეების მხრიდან რაიმე ჩართულობა საარჩევნო კამპანიაში და მითუმეტეს დაშინება აბსურდია. თუ ვინმე მხარს უჭერს და ხმას აძლევს სალომე ზურაბიშვილს, მაგას ვერავინ ვერავის ვერ დაუშლის. ის, რომ თვითმმართველობა ზეწოლას ახორციელებდეს საჯარო მოხელეებზე, საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე, პედაგოგებზე და სხვა ამომრჩევლებზე, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ არ ვერევით ამ პროცესში და არც გვაქვს ამისი უფლება’’,– განუცხადა Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.
ავტორი: მაკა ხაზიური