ქალი ამომრჩეველი და საპრეზიდენტო არჩევნები
კახეთის რეგიონის ეთნიკურ თემში მცხოვრები ქალების ინფორმირების პრობლემა ისევ მწვავედ დგას.
მათი დიდი ნაწილი საპრეზიდენტო კანდიდატებსა და პროგრამებს არ იცნობს. ამავე დროს ძალიან მცირე სეგმენტს თუ აქვს ინფორმაცია, რა უფლებამოსილება ექნება ახალ პრეზიდენტს. სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ჯოხარა ჯადიქარყიზი ხალხის განწყობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოსახლეობა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს.
,,ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებია, მაგრამ კანდიდატებს არ ვიცნობ. არც მაგათი სახელები ვიცი. ბევრი ხალხი ჩამოდის ჩვენთან სოფელში, მაგრამ არც ერთს არ ვიცნობ. ხალხი სოფლიდან წასულია, ზოგი თურქეთში, ზოგი სხვა ქვეყნებში. აღარ უნდა გავიდეს ამდენი ხალხი, უნდა იმუშაონ აქ. ჩვენც ველოდებით, ვინ მოვა პრეზიდენტად, რომ ღარიბებს მოგვხედოს. ცოტა ვიცი ქართული და არჩევნებზე იმას მივცემ ხმას, ვინც პრობლემებს მოგვიგვარებს. პრეზიდენტი უნდა იდგეს ჩვენთან ერთად“, – ამბობს ჯადიქარყიზი.
ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა აღნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით სოფელში ქალთა მონაწილეობა და ჩართულობა საარჩევნო პროცესებში გაზრდილია.
,,წარსულთან შედარებაც არ შეიძლება იმდენად პროგრესია ქალთა მონაწილეობისა და ჩართულობის მხრივ საარჩევნო პროცესებში. ადრე, ხმის მისაცემად უნდა წასულიყო მამაკაცი და ქალის ხმა დაკარგული იყო, არ ისმოდა. ქალების მხრიდან მოთხოვნაც არ იყო. იცოდნენ, რომ მამაკაცი უნდა წასულიყო არჩევნებზე. ეტაპრობრივად არსებული მდგომარეობა იცვლება. ქალებს ახლა თავიანთი ინტერესითა და მოტივაციით სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ეს დღე დღესასწაულოდ გადაიქცა, ერთმანეთს გადასძახებენ და გუნდურად მიდიან. ჩვენი სოფლის ტრადიციებიდან გამომდინარე ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ეხლაც ინფორმირებულები არიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. დაურიგდათ ბარათებიც, სადაც გადაამოწმეს საკუთარი თავები საარჩევნო სიებში. იმედი მაქვს, რომ არჩევნებში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას“, – აცხადებს აშიროვა.
საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობათა ინფორმირებულობის დონის გაზრდის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში. სათემო ორგანიზაცია „ვეჟინის“ თავმჯდომარე ლაურა ხარიტონაშვილი სოფლებში საინფორმაციო–საგანმანათლებლო შეხვედრებს მნიშველოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ აუცილებელია, მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს, როგორც არჩევნების პროცედურების, ასევე კანდიდატების პროგრამების შესახებ.
,,მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა თავიანთი არჩევანი გამოხატონ. ამისთვის კი კანდიდატების პროგრამები უნდა გააანალიზონ, გაიაზრონ და ისე დააფიქსირონ არჩევანი. სამწუხაროდ. ეს არ ხდება ხოლმე. მათ სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება.კარგი იქნება, რომ ეთნიკურ უმცირესობებს კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამები მშობლიურ ენაზე გააცნონ“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ლაურა ხარიტონაშვილი.
ეთნიკური უმცირესობებისათვის ძირითად პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. მართალია, საარჩევნო ბიულეტენები მათ მშობლიურ ენებზე იბეჭდება, თუმცა ეთნიკურ თემებში მცხოვრები მოსახლეობა მიუთითებს, რომ საარჩევნო პროგრამები ქართულ ენაზეა დაბეჭდილი, რის გამოც ისინი ვერ იგებენ, რას ჰპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები მოქალაქეებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ბიულეტენები დაბეჭდილი იქნება როგორც ქართულ, ასევე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი
Posted by კახეთის ხმა / knews.ge on ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი, 2018
ავტორი: ვასილ ბაბუაშვილი