როგორ უნდა დაიცვას ამომრჩეველმა უფლებები საარჩევნო უბანზე მისვლისას?
ზუსტად ოთხ დღეში საქართველოს მოსახლეობას ბოლოჯერ ექნება შესაძლებლობა, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს.
ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 25 პრეტენდენტი იბრძოლებს. მესამე სექტორში ამომრჩევლების ინფორმირების მნივნელობაზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის აზრით, ამომრჩეველს არჩევანის დაფიქსირეების რომ არ შეეშინდეს ან ეჭვი არ შეეპაროს კენჭისყრის ფარულობაში, აუცილებელია, საკუთარი უფლებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობდეს. თათია ქინქლაძე არჩევნებზე ამომრჩევლების დაბალ აქტივობას სწორედ მათი ინფორმირების ნაკლებობას უკავშირებს.
,,ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მისვლისას უნდა ჰქონდეს ვადიანი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმისთვის, რომ უბანზე მისვლისას რამე პრობლემა არ შეიქმნას,მოქალაქემ არჩევნებამდე 14 დღით ადრე უნდა გადაამოწმოს თავი ამომრჩეველთა სიაში, ეს მნიშვნელოვანი პროცესია“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას თათია ქინქლაძე.
„სამართლიანი არჩევნების“ იურისტი კეჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებთან აგიტაციის პრობლემაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე.
„საარჩევნო დღეს ხშირ შემთხვევაში პრობლემურია აგიტაცია საარჩვევნო უბანზე. ეს ზღუდავს ამომრჩევლის თავისუფალ ნებას. ხშირად არის მოსაზრება და იყო შემთხვევები, რომ აგროვებდნენ ამომრჩევლის პირად მონაცემებს იმ მიზნით, რომ შემდეგ მას მიეცა კონკრეტული სუბიექტისთვის ხმა. აღნიშნულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ნება გამოვლინდეს. დაუშვებელია ზეწოლა ამომრჩეველზე და თუ უფლებების დარღვევის მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდება, ამომრჩეველმა უნდა მიმართოს არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს’’,- აცხადებს ქინქლაძე.
აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მობილიზების პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებენ ამომრჩევლებიც. მოქალაქეები კენჭისყრის შენობასთან აგიტაციის აკრძალვას მოითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც შეკრებილები არიან საარჩევნო უბნებთან, ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას ზღუდავენ.
,,ძალიან დიდ პრობლემას ქმნიან ხოლმე საარჩევნო უბნის გარეთ სიებით მდგარი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები. ისინი ინიშნავენ უბანზე, ვინ მიდის ხმის მისაცემად. ვფიქრობ, ეს ხელს უშლის ყველა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის დაფიქსირებაში. ჩემი მეზობლები არჩევნებზე ხშირად მაგის გამო არ მიდიან, რომ ფიქრობენ შემდეგ რაიმე სახის პრობლემა შეექმნებათ. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან აგიტაციის ფაქტებიც ხელს გვიშლის’’,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა ლილი ხელაშვილმა.
გურჯაანის მე-12 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი კი ირწმუნება, რომ როგორც ცენტრალური ასევე საოლქო საარჩევნო კომისია ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, რათა უბანზე მისულმა ამომრჩეველმა თავისუფალ გარემოში მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი.
,,საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა უბანზე მისულ ამომრჩეველს რაიმე სახის პრობლემა არ შეექმნას და მან თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში შეძლოს თავისი არჩევანის დაფიქსირება. წინა წლებში ყოფილა შემთხვევა, რომ ვადაგასული პირადობით მოსულა ამომრჩეველი და მან ხმა ვერ მისცა. დანარჩენ შემთხვევაში მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. კომისიის ყველა წევრი გადის შესაბამის ტრენინგებს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი ჩათვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, უბანზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლები, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლია მათ მიმართოს. ამომრჩეველს ასევე შეუძლია დარეკოს ცესკოს ცხელ ხაზზე და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის პირებს’’, – აღნიშნავს მაია ჩუთლაშვილი.
ავტორი: მაკა ხაზიური