საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს ბოლოჯერ აირჩევს
28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ბოლოჯერ გაიმართება, თუმცა სამძედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამონაკლისის სახით, 6 წელი იქნება ქვეყნის მეთაური.
კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს ქვეყნის პირველ პირს მოსახლეობა პირდაპირი წესით ვეღარ აირჩევს. პრეზიდენტის შერჩევას მთავრობა 300 წევრიან საარჩევნო კოლეგიას მიანდობს.
მესამე სექტორში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შევლენ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არჩეული დეპუტატები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და პარლამენტის წევრები. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი თათია ქინქლაძე კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აფასებს. ქინქლაძე 2018 წლის არჩევნებს ისტორიულს უწოდებს, რადგან მოქალაქეებს უკანასკნელად შეეძლებათ ქვეყნის პირველი პირის პირდაპირი წესით არჩევა.
,,საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებებით, 2024 წელს პრეზიდენტი ხალხის მიერ აღარ აირჩევა. წელს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იქნება 5-ის ნაცვლად 6 წელი.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, გადავდივართ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. კონსტიტუციიაში შეტანილი სიახლეებით, პრეზიდენტს ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია 5 წლის ვადით. კომისია იქნება 300 წევრიანი, რომელთა შორისაც იქნებიან პარლამენტის წევრები. საარჩევნო კომისიის სხვა წევრებს კი საარჩევნო ადმინისტრაცია ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს. ანუ იქნება დაწესებული კვოტები.
გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდანაც აირჩევენ წევრებს, რომლებიც მოხვდებიან საარჩევნო კოლეგიაში. თითოეული მუნიციპალიტეტისთვის იქნება განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობა. ცესკოს მიერ განისაზღვრება, თუ რამდენი წევრი იქნება საარჩევნო კოლეგიაში‘’, – განუცხადა knews.ge-ს თათია ქინქლაძემ.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე კი განმარტავს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა იმ თანხებს დაზოგავს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იხარჯებოდა. ლაგაზიძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ერთპარტიული იქნება, ის გარკვეულ უთანხმოებას და პრობლემებს შექმნის.
,,მომდევნო პრეზიდენტის არჩევნები იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორი პარლამენტი იქნება. თუ მრავალპარტიული იქნება პარლამენტი, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ მართლაც ოპტიმალური წესია, რადგან ფინანსებიც არ დაიხარჯება არჩევნების ჩასატარებლად. მრავალპარტიულ პარლამენტში კი იქნება საკმაო რესურსი იმისთვის, რომ პრეზიდენტი კი არ დანიშნონ, არამედ აირჩიონ. ანუ განსხვავებული შეხედულებების ადამიანები იძულებულები იქნებიან, შეჯერდნენ ერთ საერთო კანდიდატურაზე. თუ პარლამენტში ისევ ერთი პოლიტიკური ცენტრიდან მართული ძალები მოიყრიან თავს, ასეთ შემთხვევაში, ასეთი წესით არჩეული პრეზიდენტი იქნება სერიოზული უკუსვლა ქვეყნისთვის‘’, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას აპროტესტებს. კახეთში მცხოვრები ამომრჩევლები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა არ ყოფილა და შესაბამისად მათთვის აზრი არავის უკითხავს. ისინი მიუთიტებენ, რომ საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა და ქვეყნის მთავარ კანონში პირველი პირის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება უნდა შესულიყო მოსახლეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.
„მთავრობამ ყველაფერი გადაწყვიტა ერთხმად ისე, რომ პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ ჰკითხეს აზრი. მოსახლეობის შეხედულება ხომ არავის არ აინტერესებს. ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე ჯერ უნდა ჩატარებულიყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა’’, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა ლიანა ხელაშვილმა.
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გარდა, 2024 წლიდან უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც და პარლამენტი მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩეული 150 წევრით დაკომპლექტდება.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი