ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონებზე გამოყოფილი თანხების განაწილების სისტემა იცვლება
2019 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონებზე გამოყოფილი თანხები ახალი პრინციპებით გადანაწილდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, პროექტი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19%-ის მუნიციპალიტეტზე განაწილებას ითვალისწინებს, ფისკალური დეცენტრალიზაციის შემადგენელი ნაწილია და მათ გაძლიერებას გულისხმობს.
„ეს არის შემოთავაზება, რომელიც არის დეცენტრალიზაციის პროცესის ერთ-ერთი ნაწილი. დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მათ შორის ვმუშაობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს რეგიონებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გადანაწილების ახალ პრინციპებს. ამ ეტაპზე რეგიონების საკუთარი შემოსავლები შედგება როგორც ბიუჯეტიდან მიმავალი ტრანსფერებისგან, ასევე მათი წილით იმ გადასახადებიდან, რომლის აკრეფაც ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს არის ახალი ხედვა ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხში, თუ როგორ გავზადროთ თვითმმართველობის წვდომა ბიუჯეტზე, როგორც გავზარდოთ მათი რესურსი იმისათვის, რომ უკეთ შეძლონ იმ ფუნქციების შესრულება, რომელიც მათ დღეს აქვთ. ეს არის ნაწილი იმ საერთო პროცესის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამჯერად ეს არის მთლიანობაში ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხი. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ტრანსფერის ფორმულაზე, ასევე არსებული გადასახადების რეგიონებში სხვაგვარ განაწილებაზე, რათა გადასახადების უფრო მეტი წილი დარჩეს რეგიონებში, რაც ამ რეგიონების ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახე – ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ იარსებებს. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემა ამოქმედდება და დამატებული ღირებულების გადასახადის 19% მუნიციპალიტეტზე განაწილდება. მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარედგინა.
ავტორი: მაკა ხაზიური