ახალი კანონი საჯარო მოხელის ინსტიტუტის გაძლიერებისათვის
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ დღეს მოქმედი რედაქციით ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის გამართული, ეფექტიანი და პოლიტიკური ფაქტორებისგან დაცლილი სისტემის შექმნას. არსებული კანონის მოქმედების პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, კრიტიკას ვერ უძლებდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების საქმიანობა, რაზეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამახვილებდა ყურადღებას. მესამე სექტორი ამავე დროს მიუთითებდა თვითმმართველ ერთეულებში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების აუცილებლობაზეც. აქედან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა მათი გადამზადებისა და ამავე დროს სისტემური რეფორმის აუცილებლობა. ეს საკითხი გაიწერა, როგორც ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის დოკუმენტში, ისე საქართველოს მთავრობის საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმაში. რეფორმის მთავარ მიზანს წარმოადგენს კარიერულ წინსვლაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, სადაც მოხელეს მუდმივი განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება ეძლევა.
მისი იმპლემენტაციისთვის 2017 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნუსხა.
ექსპერტები ამბობენ, რომ თვითმმართველობის ეფექტური საქმიანობისთვის საჯარო მოხელეების გადამზადების თანმდევი უნდა იყოს ფინანსური დამოუკიდებლობაც.
,, ახალმა კანონმა, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, ახალი მიდგომები შემოიტანა პრაქტიკაში. კანონმდებლების განმარტებით, ახალი კანონი მიზნად ისახავს როგორც კარიერულ წინსვლას, ასევე პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობაზე დაფუძნებული, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას ქვეყანაში. ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ვალდებულება, გარკვეული თანხა გამოყონ მოხელების კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, – განუცხადა Knews.ge-ს კოტე კანდელაკმა.
ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და კარიერულ ზრდაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი, ნინო ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ახალი კანონით შეიცვალა საჯარო მოხელეთა შეფასების, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის და თანამდებობათა რანგირების ერთიანი სისტემა.
,,ახალმა კანონმა დანერგა ღია და დახურული კონკურსების ჩატარებაც. ღია კონკურსი ტარდება დაბალ პოზიციებზე, სადაც ყველა მოქალაქეს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს, ხოლო დახურული კონკურსები ტარდება მესამე რანგის თანამდებობიდან ზემოთ, სადაც მხოლოდ საჯარო მოხელეებს შეუძლიათ მონაწილეობა. რეფორმა მნიშვნელოვანია, რადგან მოძველებული კანონი ვერ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს. სისტემური რეფორმა ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, რომლის შემუშავების პროცესში ევროპელი ექსპერტებიც იღებდნენ მონაწილეობას’’, – განუცხადა knews.-ge-ს ცუხიშვილმა.
საჯარო მმართველობის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს’’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ დეცენრალიზაციის პირობებში თვითმმართველი ერთეული უნდა იყოს მზად კადრების გადამზადებისთვის.
,,ეს სისტემა უნდა შეგვექმნა უფრო ადრე. ვალდებულებების შესრულება, რაც ასოცირების შეთანხმებაშია ჩადებული, არის საშუალება იმის, რომ უკეთესი სტანდარტები გვქონდეს საჯარო სამსახურის მიმართულებით. ადგილობრივი ხელისუფლება უნდა იყოს მზად, რომ ფინანსები სწორად განკარგოს, რისთვისაც შესაბამისი ცოდნაა საჭირო. მუნიციპალიტეტებში უნდა მუშაობდნენ კვალიფიციური კადრები, რომლებიც შეძლებენ, ადგილობრივ დონეზე საკითხების დაგეგმარებას, გაანალიზებასა და სათანადო მოქმედებების გატარებას“, – განუცხადა knews.ge-ს ჩხიკვაძემ.
სისტემური რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობენ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
,,თვითმმართველობის უფლებამოსილებები შეზღუდულია. მათი რესურსები და ამოცანა უნდა იყოს ამ უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებითი გაფართოება. წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის ერთიანი დოკუმენტი დამტკიცდება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება და მათი რესურსების, ფინანსური, ქონებრივი და სხვა რესურსების გაძლიერება. თვითმმართველობის რეფორმა კომპლექსურად უნდა განხორციელდეს, აღიჭურვოს მეტი კომპეტენციითა და ადამიანური რესურსი უნდა გადამზადდეს. ცვლილებების გარეშე რეფორმის განხორციელება ვერ მოხდება. საშუალო ვადიან პერსპექტივაში განვითარება ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველი ბიუჯეტები 3-4 ჯერ გაიზრდება“, – განმარტავს knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაციის სტრატეგია სამ მიმართულებაზე იქნება აგებული და რვა წელზე იქნება გათვლილი. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა დაიწყება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზეც.
ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი
წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.