ახმეტაში ყველის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება
როგორც knews.ge-ს კოოპერატივ “ალაზნისთავის“ დამფუძნებელმა, პაატა აბულიძემ განუცხადა, ეკოლოგიურად სუფთა გუდის ყველზე ევროპის ქვეყნებში მოთხოვნა მაღალია, მაგრამ საწარმო, სადაც პროდუქციას შეფუთავენ, არ არსებობს, რაც, მისი აზრით, სერიოზული პრობლემაა.
“ჩვენ გვაქვს საწარმო, სადაც გუდის ყველს ვაწარმოებთ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ სტანდარტებს. ჩვენი სისუსტე პროდუქციის შეფუთვაა. ალვანში არსებული საწარმო, სადაც ამჟამად ვაფასოებთ ყველს, ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც შეესაბამება იაპონიისა და ევროპის ბაზრებს. ამერიკის ბაზარზე ამ მხრივ პრობლემა არ გავქვს, რადგან იქ სხვა სტანდარტებია. ევროპიდან იყვნენ ჩამოსულები, გუდის ყველი ძალიან მოეწონათ, მაგრამ პროდუქციის შეფუთვის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას პაატა აბულიძე.
მისივე ინფორმაციით, ყველის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო, სავარაუდოდ, ქვემო და ზემო ალვანის საზღვარზე აშენდება.
„ჩვენ უკვე დავწერეთ პროექტი, რომელიც დაამუშავა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ. ამჟამად საუბარია მიწის გამოყოფაზე. ჩვენი ვარაუდით, ყველის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას შემოდგომიდან დავიწყებთ“, – განაცხადა აბულიძემ.