სტატიები

კენჭებისგან შექმნილი ნივთები – ხელოვანი ახმეტიდან

დავითმა აღნიშნული საქმიანობა 25 წლის წინ დაიწყო და ახლა მისი ნამუშევრები რამდენიმე ათეულ შენობას ამშვენებს. დავით ბუჩუკურის თქმით, ქვებისგან შექმნილი ნივთებით ტურისტებიც ინტერესდებიან. 
ხელოვანი ამბობს, რომ თავიდან გარკვეული სირთულეები შეხვდა, რადგან ხშირად დასცინოდნენ, თუმცა ამჟამად მის შემოქმედებას ყველა იცნობს.
,,ხშირად მოდიან უცხოელები და აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 20 წლის ვიყავი. მდინარეზე ლამაზი კენჭი ვიპოვე და სურვილი გამიჩნდა, ასეთები კიდევ მომეძებნა და მეპოვნა. მაშინ გადავწყვიტე, რომ კენჭებისგან ნივთები შემექმნა. უკვე 25 წელია, რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. პირველად ჩემს სახლში დავიწყე სხვადასხვა ნივთის გაკეთება, მაგრამ არც ვიცოდი, რას ვაკეთებდი. პატარა ბავშვივით კენჭებს ერთმანეთის გვერდით ვალაგებდი. სახლი მთლიანად გასამართი იყო და იმ დროს ისეთი გაჭირვება იყო, პურის ფულიც კი არ მქონდა. ერთი მუჭა ცემენტის შოვნას რა უნდოდა და სხვა არაფერი მჭირდებოდა. ხშირად მეზობლები დამცინოდნენ, ამბობდნენ, მოცლილია, რას აკეთებსო. ნორმალური რამე გააკეთეო, მეუბნებოდნენ. დაახლოებით ათი წელი სერიოზულ სტრესში ვიყავი, მაგრამ საქმე არ მივატოვე და ახლა კმაყოფილიც ვარ’’, – განუცხადა Knews.ge-ს დავით ბუჩუკურმა. 
იგი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად ოცნება აიხდინა და ახლა სკოლის, ბაღების და ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების გალამაზებაზე ზრუნავს.
,,ახლაც ჩემს ახლობელთან ვმუშაობ, ვალამაზებ სახლებს და ჩემი ოცნებაა, ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი გავხადო. ჩემი ხელით ახმეტაში, ხელოვნების სკოლაში, ბაღი მოვაწყვე. თანდათან ამ მიმართულებით ჩნდება მოთხოვნა და ინტერესი,’’- აღნიშნა ბუჩუკურმა.
ხელოვანი მიიჩნევს, რომ შრომა, რომელსაც ერთი ნამუშევრის შექმნაში დებს, შეუფასებელია. 
,,ძალიან შრომატევადი სამუშაოა და ფასიც ნამუშევრის მიხედვით არის. კენჭებისგან სურათებსაც ვქმნი. მაგალითად, ჩემს სახლში მაქვს ფიროსმანის ნახატი დამზადებული. ახლა ჩემთვის აღარ არის ძნელი კენჭების პოვნა. კენჭებს, ძირითადად, ახმეტაში ვპოულობ, მაგრამ თუ რამ განსაკუთრებული დამჭირდა, შეიძლება ზღვაზე წავიდე. ყოველ წელს მთაში ვმოგზაურობ და კენჭები, შეძლებისდაგვარად, იქიდანაც მომაქვს.’’