თელავში მოსახლეობის მასშტაბური კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს.
კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით, ხვალ, თელავში პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე თინათინ ბაუმი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის სტატისტიკის ბიუროს უფროსი ლევან ჯანდიერი, „საქსტატის“ წარმომადგენელი ცოტნე ბალახაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა გაუძღვებიან. ღონისძიება სასტუმრო „ძველ თელავში“, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც Knews.ge-ს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა განუცხადა, კვლევის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება.
მაია ქურციკიძის ინფორმაციით, კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ მონაცემები, რომელიც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.
“კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14,000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ”, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ქურციკიძემ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.
მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა.