სოფელ კალაურში აღმოჩენილ უძველეს დარბაზს არქეოლოგები სწავლობენ
მეცხრე საუკუნით დათარიღებულ დარბაზს წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულ სამონასტრო კომპლექსში მიაგნეს. არქეოლოგების თქმით, ამ ადგილზე არქეოლოგიური გათხრები უკვე წლებია მიმდინარეობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული დარბაზი კვირიკე მეფის რეზიდენცია იყო.
არქეოლოგების აზრით, აღნიშნულ ადგილს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. მათი განმარტებით, მეფე კვირიკე მესამე საერო და სასულიერო პირებს აღნიშნულ კომპლექსში მასპინძლობდა.
,,მეცხრე საუკუნით დათარიღებული კომპლექსის დარბაზი რიყის ქვით და კირის დუღაბით არის ნაგები. შესასვლელთან არსებულ თაღზე კი კახეთ-ჰერეთის სამთავროების აღმნიშვნელი დეტალები და ჯვარია ამოკვეთილი. წმ. იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსს, სავარაუდოდ, მეფის სასახლის ფუნქციაც ჰქონდა. ეს არ არის ჩვეულებრივი სამონასტრო კომპლექსი, ჩვენი მუშაობის შედეგად დგინდება, რომ ეს იყო მეფის სასახლის შესაფერისი ადგილი’’,- განუცხადა ,,პირველ არხს“ არქეოლოგმა მერაბ ძნელაძემ.
არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი კომპლექსი სოფელ კალაურიდან 4 კილომეტრის დაშორებით ტყეში მდებარეობს. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთას დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განუცხადა, აღმოჩენილ კომპლექსს დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, არქეოლოგიური სამუშაოები კიდევ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს არქეოლოგიური სამუშაოების დროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის ტყეში, წმ. ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის რესტავრაციის დროს, მეთერთმეტე საუკუნის სამარხს მიაკვლიეს. არქეოლოგების ინფრმაციით, აღმოჩენილი ძვალშესალაგი, სავარაუდოდ, კახეთ-ჰერეთის მეფეს კვირიკე მესამეს ეკუთვნის, რომელიც 1010-1037 წლებში მეფობდა.
მათივე თქმით, საფლავზე წარწერაა: ” რანთა და კახთა მეფე“.