ახალი ამბები

სოფელ არგოხში მდებარე XVI საუკუნის კოშკს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, კოშკი სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე, დასრულებულია კონუსური გადახურვით. 
“კოშკი ორსართულიანია. პირველი სართული სამლოცველოა. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი სწორკუთხაა, ნაოთხალიანი. შიგნიდან კარის წირთხლზე საურდულე ფოსოა. სამლოცველო აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომელიც დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი. აბსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, ხოლო მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიში. ასეთივე ნიში ჩრდილოეთის ნიშის ქვეშ, იატაკის პირზეცაა. სარკმლის ქვეშ ტრაპეზია მიდგმული. აბსიდა კონქითაა დასრულებული, რომლის სატრიუმფო თაღი მხრებს ეყრდნობა. კედლები მობათქაშებულია. მეორე სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია. კარი არქიტრავულია და ნაოთხალიანი. ჩრდილოეთ კედელში ერთი ნიშია. ოთახი გადახურულია კამარით. კედლები მობათქაშებული ყოფილა. კოშკი ძალიან საინტერესო ნაგებობაა, როგორც თავისი ფუნქციური მახასიათებლებით (სამლოცველო, სათავდაცვო), ისე არქიტექტურული ფორმითა და დეტალებით (აბსიდა, კარები, კონუსური გადახურვა)”, – აღნიშნული ძეგლის ანოტაციაში.