სტატიები

თელავს ეკონომიკური განვითარების გეგმა ექნება

მერია აღნიშნულ პროექტს 2017 წელს შეუერთდა. შოთა ნარეკლიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გეგმის დასამუშავებლად საზოგადოებასთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს. თელავის მერის მოადგილე, აკა საჩიშვილი განმარტავს, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმას სავარაუდოდ ორი მთავარი მიმართულება, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ექნება, დოკუმენტის დამუშავება კი სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. 
,,დეკემბრიდან დავიწყეთ ამ გეგმაზე მუშაობა. გვქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, თუ როგორ უნდა შეიქმნას აღნიშნული დოკუმენტი და როგორ დამუშავდეს ეკონომიკური განვითარების გეგმა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გეგმის დამუშავების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ჩართვა და ინიციატივების, რეკომენდაციების და პრიორიტეტების ერთობლივად შემუშავება, რომელზეც ეკონომიკური განვითარების გეგმა დაშენდება და შეიქმნება. გეგმა ჯერ დამუშავების პროცესშია და ვფიქრობთ, იქნება ორი ძირითადი მიმართულება: ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. თელავი ტურისტული ქალაქია და მას დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს შექმნას და მოქალაქეთა დასაქმებას’’,- განუცხადა knews.ge-ს აკა საჩიშვილმა.
მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხში გეგმის მნიშვნელობაზე საუბრობს თელავის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსი. გიორგი თავბერიძის თქმით, ადგილობრივი ეკონომიკური გეგმის დამუშავების შემდეგ მერიას სხვადასხვა მნიშვნელოვან საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.
,,ეკონომიკური განვითარების გეგმა იწერება გენერალური განვითარების გეგმასთან ერთადაც, მაგრამ ჩვენ პროექტების ან ინიციატივების განსახორციელებლად რომ მივიღოთ გრანტი, აუცილებელია მერების შეთანხმების პროგრამაში ჩართვა. ამისთვის კი აუცილებელია გვქონდეს ეკონომიკური განვითარების კუთხით სტრატეგია შემუშავებული, რათა შემდგომ როდესაც გრანტები გამოცხადდება, კონკურსში მივიღოთ მონაწილება’’,– აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას გიორგი თავბერიძე.
მესამე სექტორი კი ქალაქის ეკონომიკური განვითარების გეგმაში ერთ-ერთ პირველ საკითხად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების შეტანას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავი ჩემი ქალაქია“ წარმომადგენელი თამარ ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარების გარდა, გეგმაში ტაქსის მძღოლებისათვის გარკვეული გადასახადი დაწესებაც უნდა განისაზღვროს.
,,ვფიქრობ, მოსაგვარებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. აუცილებელია მერიის მიერ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სწორი მიმართულება ამის მოსაგვარებლად. ეს ხელს შეუწყობს მათ შორის ტურიზმის და ეკონომიკური კუთხით თვითმმართველობის გაძლიერებას, რადგან ის გადასახადები, რასაც მგზავრები გადაიხდიან, ადგილზე დარჩება. გარდა ამისა, ვფიქრობ ტაქსებსაც უნდა ჰქონდეთ გარკვეული გადასახადი დაწესებული. ეს საკითხები აუცილებლად უნდა იყოს შესული ეკონომიკური განვითარების გეგმაში,’’- ამბობს თამარ ბოტკოველი.
არასამთავრობო სექტორი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური გაძლიერების საკითხში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზეც საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციის “თელავი ჩემი ქალაქია” წარმომადგენელი ზურაბ აბუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ტურისტებისთვის გასართობი ადგილების და ღია კაფეების გახსნასა და მათთვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზებაზე უნდა იფიქროს. 
,,ტურიზმი არის ძირითადად შემოსავლის წყარო და ეკონომიკური კუთხით ამას დიდი დატვირთვა აქვს. ამიტომ აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ღია კაფეები და გასართობი ადგილები, სადაც ტურისტს შეეძლება მისვლა 7 საათის შემდეგ. ასეთი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეიძლება თელავში ორ ადგილას: ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სადაც შესაძლოა გარკვეულ პერიოდში მოძრაობაც აიკრძალოს. თეატრის წინ ან მოედანზე არსებული სკვერში. ამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ტურისტებს მოიზიდავს და მეტ ფულს დახარჯავენ’’,- აცხადებს ზურაბ აბუაშვილი.
მესამე სექტორი ადგილობრივ თვითმმართველობას ბატონის ციხის პოტენციალის ათვისებასაც ურჩევს. 
,,ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად ქალაქში, ჩემი აზრით, მეფის სასახლის შიდა მხარე უნდა იყოს ათვისებული. ამ სივრცის გამოყენება კარგად შეიძლება. შეიძლება მოეწყოს ღია კაფე, მაგრამ აუცილებლად დაცული იყოს ისტორიული ძეგლი ნებისმიერი დაზიანებისგან. შესაძლებელია მუზეუმის ტერიტორია იყოს ღია ღამის 12 საათამდე, სადაც გამართება კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ და იქნება ფასიანი შესვლა. ვფიქრობ, ამით ყველა დაინტერესდება, როგორც ქართველი ასევე უცხოელი’’,- ამბობს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, ლიკა იმერლიშვილი.