„წინანდლის პრემია 2018″-ის მისაღებად განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება
პრესტიჟული ქართული პრემიის მისაღებად მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა შეიტანონ.
,,განაცხადების მიღება 2017 წლის 29 ნოემბრამდე გაგრძელდება. პრემია ენიჭებათ 18-30 წლის ახალგაზრდებს ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა, პოეზია), მუსიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. სამ პრიზიორს თითოეულ ნომინაციაში გადაეცემა სპეციალური სიგელები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი პრემიებით. განაცხადებში უნდა შედიოდეს საკონკურსო ნამუშევარი, სააპლიკაციო ფორმა და რეზიუმე”, – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
პროექტი პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება. პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში, ახალგაზრდა მხატვრების სემინარზე გაჩნდა. „წინანდლის პრემია” ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. გასულ წელს კი პრემია ზურაბ ჟვანიას ფონდის ინიციატივით აღდგა. პრემია ენიჭებოდა ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებისათვის და ემსახურებოდა მათ წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების წარდგენას საზოგადოებისათვის.