ძველი შუამთის მონასტერში არქეოლოგიური სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება
როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წელს დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, მომავალი ექსპედიციის ფარგლებში არქეოლოგები ძველი შუამთის სხვა არქეოლოგიურ უბნებზე მოამზადებენ მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომებს, ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიულ ჭრილებს, არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას. კლვევითი პროცესი კვლავ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ინიციატივით განხორციელდება.
“2018 წლის მარტსა და მაისში, ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა. სამუშაოების შედეგად გამოვლენილია კომპლექსის ირგვლივ არსებული სუბსტრუქციის კედელი, რომელიც გარს უვლის კომპლექსს და იმავე დროს ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ზედა და ქვედა ტერასებს მიჯნავს ერთმანეთისაგან. მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით აღნიშნული კედლის მშენებლობის ზედა ქრონოლოგიური ზღვარია XI საუკუნე. გათხრილია სამეურნეო ნაგებობა, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩადგმული ქვევრით. იატაკის დონეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ნაგებობა XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტრის ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წარმოებული თხრის შედეგად (სუბსტრუქციის კედელი და სამეურეო ნაგებობა) ქვედა ტერასაზე გამოვლენილია 1-1,5 მეტრის საერთო სიმძლავრის კულტურული ფენა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კერამიკულ ნაწარმს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ მონასტერი, მცირედი ინტერვალებით მოქმედია ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, XVI საუკუნის ჩათვლით”, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.
უწყების ცნობით, 2017 წლის 10 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს ოთხ ეპარქიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანია RMG 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით შვიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – შუამთის, ალავერდის, ფიტარეთის ეკლესიის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხესა და ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთო. 4-წლიანი პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების 1 700 000 ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.