2 თელაველი ახალგაზრდა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლის
აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება, ექნებათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ. გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის არიან თელაველი ახალგაზრდები ნათია ბოტკოველი და ზაქრო თავბერიძე, რომელთაც სწავლისა და ცხოვრების საფასურის დაფინანსება მიიღეს.
ახალგაზრდების თქმით, სტიპენდია მათ საშუალებას აძლევს, ისწავლონ საზღვარგარეთ, მიიღონ მაგისტრის ხარისხი და კვალიფიციური სპეციალისტები დაბრუნდნენ სამშობლოში.
,,განათლების სისტემასთან, როგორც მკვლევარსა და ლექტორს აქამდეც მქონია შეხება, ახლა კი მეძლევა შანსი, რომ გავიღრმავო ცოდნა და გავეცნო თანამედროვე ტენდენციებს, სწავლის უახლეს მოდელებსა და მიდგომებს. ბრიტანეთში სწავლა საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული და სტიპენდიის მიღების გარეშე ამას ვერასდროს შევძლებდი. იმედი მაქვს, რომ ორი წლის შემდეგ საქართველოში ახალი ცოდნით აღჭურვილი დავბრუნდები და ჩემში ჩადებულ ინვესტიციას გავამართლებ. აკადემიურ საქმიანობას გავაგრძელებ და პარალელურად შევეცდები, წვლილი შევიტანო ისეთი განათლების პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ამა თუ იმ მოწყვლად ჯგუფებს გააძლიერებს და მათ ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ თუ სოციალურ ცოხვრებაში აქტიურად ჩართვაში დაეხმარება. ვფიქრობ, ამისთვის უპირველეს ყოვლისა პროფესიული განათლების ხარისხი და ხელმისწავდომობაც უნდა გაიზარდოს “,- განუცხადა knews.ge-ს თელაველმა ზაქრო თავბერიძემ.
ნათია ბოტკოველის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს იმ სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიგრაციით, ენობრივი კონფლიქტებით, მეორე ენის სწავლების საკითხებით, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციითა და საფრთხეში მყოფი ენების შენარჩუნებით.
,,სტიპენდიის მიღება ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ყველა სემესტრში ვიყავი სახელწიფო სტიპენდიის მფლობელი, ხოლო 2015 წელს დამატებით მივიღე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია. სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარება ყოველთვის წარმომედგინა, როგორც ინვესტიცია, რომელსაც სტუდენტში დებენ იმისათვის, რომ მიიღონ პროფესიონალი, კვალიფიციური კადრი, რომელიც თავისი წარმატებული მოღვაწეობით გაამართლებს თითოულ თეთრს, რომელიც სახელმწიფომ მისთვის დახარჯა. დღეს არც ერთი ქართული უნივერსიტეტი არ სთავაზობს სტუდენტს სამაგისტრო პროგრამას წმინდად სოციოლინგვისტური მიმართულებით. სოციოლინგვისტიკა ჩემთვის ყოველთვის მიმზიდველი დარგი იყო. მსურს, მომავალშიც ამ მიმართულებით გავაგრძელო მოღვაწეობა, ამიტომ გავიარე შესარჩევი პროცედურები და ჩავირიცხე ლიტვაში, კაუნასში, ,,ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში“ სამაგისტრო პროგრამაზე ,,სოციოლინგვისტიკა და მულტილინგვიზმი“. მიგრაცია, ენობრივი კონფლიქტები, მეორე ენის სწავლების საკითხები, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და საფრთხეში მყოფი ენების შენარჩუნება, – ეს ის საკითხებია, რომლებიც სრულიად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო ამ პრობლებების წარმატებით მოგვარების საქმეში. აღსანიშნავია, რომ პროგრამა წარმოადგენს ე.წ. joint degree-ს (,,შეერთებული ხარისხი“) და გულისხმობს გაზაფხულის სემესტრში სწავლის გაგრძელებას გერმანიაში, იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტში, ხოლო მეორე კურსი ისწავლება შვედეთში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტში, რაც საშუალებას მომცემს, სამ ქვეყანაში დავაკვირდე ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვასა და მიგრაციის საკითხებს“ – აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას ნათია ბოტკოველმა.
2014 წლიდან დღემდე ,,განათლების საერთაშორისო ცენტრი“, სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ 650 ახალგაზრდას დაეხმარა.