ყვარელში ვენახების კადასტრის საპილოტე პროგრამა ამუშავდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩაერთვებიან ის სუბიექტები, რომელთაც ყვარლის მუნიციპალიტეტში გააჩნიათ დიდი ზომის ვენახები (≥ 7.0 ჰა), რომლებიც განლაგებული ქინძმარაულისა და ყვარლის მიკროზონებში.
,,პილოტ-პროექტის პირველი ეტაპისათვის ზემოთ მითითებული ნიშნით შეირჩა 67 სუბიექტი, რომელიც ამ რეგიონში ფლობენ ჯამში დაახლოებით 2200 ჰა ვენახს. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ოთხი წლის განმავლობაში შეიმუშავა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დაამუშავა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეარჩია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია. ამ ეტაპზე ყვარლის მუნიციპალიტეტში აღირიცხა 5533 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818 ჰექტარი ვენახი. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის”,– განუცხადეს Knews.ge-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო.