ყვარელში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა “ილიას ტბის” მიმდებარე სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რომლის სანაცვლოდ მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი. დიმიტრი სოლომნიშვილის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული აღნიშნული ობიექტის მხოლოდ მოვლა – პატრონობა და არა მისი განკარგვის უფლება.
როგორც knews.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტებით, რომელიც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ დიმიტრი სოლომნიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.