გურჯაანის მერი – ახტალაზე მეჩეთი არ აშენდება
არჩილ ხანდამაშვილი ირწმუნება, რომ კურორტზე მეჩეთი არ აშენდაება. მერის ინფორმაციით, ინვესტორი დაინტერესებულია, გურჯაანში შექმნას კომპლექსური საკურორტო ზონა, რომელიც გახდება საერთაშორისო მიზიდულობის ცენტრი და შიდა ტურისტების გარდა, უმასპინძლებს ვიზიტორებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ახტალას“ კურორტის მშენებლობისთვის 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
“ინვესტორმა 48 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის სრული დატვირთვით ამუშავება, ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელი ცენტრებით, ეზოს გამწვანებით, გარე განათებით, ავტოსადგომით, რომელიც გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს გურჯაანელებისთვის და შეინარჩუნებს არსებულს. ასევე, განვმარტავ, რომ აუქციონის პირობების მიხედვით, „ახტალას“ ტერიტორიაზე არსებული პარკი არ გადაეცემა ინვესტორს და რჩება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სარგებლობაში, თუმცა მასზე მზრუნველობისა და მოვლა-პატრონობის სრულ ხარჯებს ინვესტორი გაიღებს. საინვესტიციო პირობები არის საჯარო ინფორმაცია და ნებისმიერ დაინტერესებული ადამიანს შეუძლია მისი ნახვა”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.