“მაჟორიტარების ბიუროების საქმიანობა მოკლებულია კონკრეტულ შედეგებს”
ორგანიზაციაში აცხადებენმ რომ პრობლემა, რომელსაც ყოველწლიურად აწყდებიან, ბიუროების თანამშრომლებთან დაკავშირება და მათი საქმიანობის შესახებ ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მიღებაა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარის, თამარ ტატანაშვილის თქმით, ბიუროების საქმინაობა მხოლოდ მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის შუამავლის ფუნქციით შემოიფარგლება და საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებზე.
„ძალიან რთულია და კვლავ პრობლემაა, როგორც წინა წლებში, ბიუროების წარმომადგენლებთან დაკავშირება. ეს იქნება გამოწვეული თანამშრომელთა ცვლილებით თუ სხვა მიზეზებით. მათი საქმიანობა უკავშირდება შუამდგომლობების განხორციელებას თვითმმართველობების ორგანოებთან მიმართებით. ფაქტობრივად ისინი ასრულებენ შუამავლის როლს მოქალაქესა და თვითმართველობას შორის. მნიშვნელოვანია, მათი გამჭვირვლობის ხარისხი იყოს მაღალი და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია იყოს საჯარო. სამწუხაროდ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის მსგავსი შინაარსის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მოქალაქეთა მიმართვებზე რეაგირების შესახებ. ეს ინფორმაცია მოკლებულია შინაარსობრივ დეტალიზაციას, რომელიც კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება, რომლის მიზეზი შეიძლება იყოს საკანონმდებლო მოცემულობა და უფლბამოსილების ფარგლები, რაც ბიუროს გააჩნია. მათი საქმიანობა შესაძლოა, არ იყოს ქმედითი და ეფექტური, ისეთი, როგორი მოლოდინიც შეიძლება მათ ამომრჩევლებს ჰქონდეთ“- განაცხადა თამარ ტატანაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ სახელმწიფოს 73 პარლამენტის წევრი მაჟორიტარის ბიუროს შენახვა 4 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. 2018 წელს მაჟორიტარების ბიუროების ფონდი 4 მილიონ 392 ათასი ლარითაა განსაზღვრული.