სტატიები

სტიქიამ ლაგოდეხისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები დააზარალა

უხვმა ნალექმა სიღნაღის და ლაგოდეხის სოფლები დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებულია გზები, განადგურებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები, დახოცილია შინაური ფრინველი.
ძლიერმა წვიმამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მაშნაარში, ანაგასა და ვაქირში შიდა საუბნო გზები დააზიანა. როგორც knews ge-ს სიღნაღის მერმა განუცხადა, გზების გაწმენდითი სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. გიორგი გოგილაშვილი ამბობს, რომ მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელმაც სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო.
,,ამინდის გაუარესების და სტიქიის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანაგაში, ვაქირსა და მაშნაარში შიდა საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები დაზიანდა. სოფელ ანაგასა და ვაქირში დაზიანებულია წყალსადენი მაგისტრალი, სავარგულებთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზები, ელექტროენერგიის ბოძები. სოფელ ილიაწმინდაში მოვარდნილმა წყალმა დატბორა სახლები. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი სამსახური ჩაერთო. სპეციალური კომისია ზარალს ითვლის”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი გოგილაშვილმა.
დაზარალებული მოსახლეობის თქმით, მოულოდნელად მოვარდნილი წყლის ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა. ყოველ წელს სტიქიის უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით ისინი სანიაღვრე არხების გაწმენდის, წყლის სათავე-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობენ.
,,საშინელი სტიქია იყო, ძლიერი წვიმა და ქარი. ყველაფერი მიწასთან გაასწორა, გზაზე და ეზოებში ნიაღვრები მოდიოდა. სტიქია სულ იყო ხოლმე, მაგრამ ადრე სანიაღვრეები და სხვა ინფრასტრუქტურა იყო მოწესრიგებული და ასეთი დიდი ზარალი არ იყო. ახლა კი გაუწმენდავობის გამო მწყობრიდან არის გამოსული სანიაღვრე არხები და პატარა წვიმაზეც სახლებში გვივარდება წყალი”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას სიღნაღში მცხოვრები ლამარა გოგოლაძე.
გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ჰერეთისკარში, წითელ გორსა და ჭიაურში 15-მდე ოჯახი დაზარალდა. დაზარალებული მოსახლეობა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას სთხოვს.
,,სახლებში შემოვარდა წყალი, ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ნივთების გატანაც ვერ მოვასწარით. ის ნივთები, რაც წყალშია, აღარ ივარგებს. დახმარებას ვითხოვთ, მარტო წყლის ამოტუმბვა და გზის გაწმენდა ხომ არ არის. იმას, რაც დაზიანდა, ვინ აგვინაზღაურებს? მოსავალი ჩვენ აღარ გვექნება და ფრინველი აღარ გვყავს. აუცილებელია თვითმმართველობამ გათვალოს წინასწარ რისკები და იმის მიხედვით იმოქმედოს, რომ ყოველ წელს პრობლემები არა გვქონდეს,”- აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრებმა გივი ალიაშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლების დატბორვა სანიაღვრე არხებში წყლის დაგუბებამ გამოიწვია. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. 
“წვიმის დროს დაგროვილმა წყალმა ვერ გაიარა არხებში, რომელმაც დაგუბება და საცხოვრებელი სახლების სარდაფების დატბორვა გამოიწვია. ამ ეტაპზე უკვე სიმშვიდეა. ჩვენ დაუყოვნებლივ გავწმინდეთ არხები და წყალიც ჩვეულებრივ გადის. რაც შეეხება მოსახლეობას, იქ სამაშველო სამსახური მუშაობს. მხოლოდ სარდაფებია დატბორილი. სხვა ზიანი არ ყოფილა”, – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.