დანაშაულის დაფარვასა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა
შსს-ს ინფორმაციით, ცვლილების აუცილებლობა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და დანაშაულის ხასიათთან სასჯელის შეუსაბამობამ განაპირობა.
“მიღებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ერთმანეთისგან იმიჯნება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მათი სოციალური საშიშროების მიხედვით, შესაბამისი სანქციები წესდება. მკაცრად დაისჯება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა. დღეს არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცვლილების შემდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა მძიმე კატეგორიის დანაშაული იქნება, რომლის ჩამდენი პირების მიმართ აღარ გამოიყენება პირობითი მსჯავრი. სანქციები იზრდება, ასევე, ცრუ ჩვენების მიცემისა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის. ცრუ ჩვენების კუთხით პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებულ შემადგენლობაზე (ანგარება ან სხვა პირადი მოტივი) სანქციის ზედა ზღვარი იზრდება 2 წლით. შედეგად აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულად იქცევა, რომლის ჩამდენი პირის მიმართ აღარ იქნება შესაძლებელი პირობითი მსჯავრის გამოყენება. ცვლილებების მიხედვით, 2 წლით იზრდება სანქციის ზედა ზღვარი ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, რომლითაც დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება.
დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში 24 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელიც უტოლდება 2017 წლის მთლიან მონაცემს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.