ყვარელში მდებარე 2 ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაშარის დიდსალოცავი დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით, კუთხეებში, თაღების, ლავგარდნის და ფასადთა შემკულობისთვის გამოყენებულია აგური.
,,ეკლესიას კარი სამი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სამივე გარედან თაღოვანია, შიგნიდან თარაზულადაა დასრულებული. კარის გარშემო აგურით გამოყვანილი ჩაღრმავებული ჩარჩოა, რომელიც ხერხულა ლავგარდნით სრულდება. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო გრძივ კედლებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. კედლები აგურის სამრიგი ლავგარდნითაა დასრულებული. ტაძარი გადახურულია კრამიტით. დასავლეთის მხარეს დადგმულია აგურის ოთხ თაღიანი სამრეკლო-ფანჩატური, რომელიც პირამიდული აგურისავე გუმბათით სრულდება”, – აღნიშნულია კულტურული მემკვოდრეობის ძეგლის ანოტაციაში.
რაც შეეხება ფერისცვალების სახელობის ეკლესიას, დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვის სწორხაზობრივი წყობით. კუთხეებში, თაღების, ლავგარდნის და ფასადთა შემკულობისთვის გამოყენებულია აგური. ძეგლის ანოტაციის მიხედვით, ტაძარი ააშენა დემეტრე იმერლიშვილმა და ნადირა ჭერაშვილმა.
,,დასავლეთის მხარეს დადგმულია ცემენტით აღდგენილი სამრეკლო-ფანჩატური. აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდია, რომლის კონქი ფართო მხრებსა და შეისრულ თაღს ეყრდნობა. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში ორ-ორი სხვადასხვა ზომის ნიშაა. საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. ეკლესია შეისრული კამარითაა გადახურული, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ერთი კრონშტეინებზე დაბჯენილი თაღი დარბაზის შუაშია, მეორე კი დასავლეთის კედლის კუთხეებში არსებულ პილასტრებზე გადადის. ეკლესიის ფასადები აგურითაა გაფორმებული”.
დასავლეთის კედელში, კარის თავზე თეთრ მარმარილოში ამოკვეთილი მხედრული წარწერაა.