ახალი ამბები

თელავში ავარიისას დაშავებული 16 წლის ბიჭის მდგომარეობა ისევ მძიმეა

დაშავებული თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, პაციენტს თავის არეში უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“დაშავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისი მკურნალობის ეტაპი გრძელდება. პაციენტი ჯერჯერობით ისევ სუნთქვის აპარატზეა მიერთებული”, –განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა. 
ქალაქ თელავში, რუსთაველის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 20:45 საათზე, მოხდა. დიდი სიჩქარით მოძრავი “გოლფის” მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.