ყვარელში გველმა 50 წლამდე ასაკის ქალს უკბინა
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი ბოსტანში მუშაობდა. ის თავდაპირველად სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ინტოქსიკაციის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთეს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, მაია მრელაშვილის ინფორმაციით, სპეციალური ვაქცინის მიღების შემდეგ ქალს ალერგიული ფონი განუვითარდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.
“ჩვენს საავადმყოფოში შემოიყვანეს 50-წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც გველმა ხელზე უკბინა. აქ პოლივალენტური შრატი გაუკეთდა, თუმცა შემდეგ მას ალერგიული ფონი განუვითარდა, რომელმაც სუნთქვის უკმარისობა გამოიწვია, ამიტომ ის ტოქსიკოლოგიური პროფილის განყოფილებაში გადაიყვანეს”, – განაცხადა მაია მრელაშვილმა.
კახეთში, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ერთი ადამიანის დაგესვლის შემთხვევა დედოფლისწყაროში უკვე დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ინფორმაციით, გველმა შუახნის მამაკაცს უკბინა, თუმცა ქვეწარმავალი შხამიანი არ აღმოჩნდა.