“მოსახლეობას მოვუწოდებთ, ხორცი ქუჩაში არ შეიძინონ”
“მოსახლეობამ ხორცი ქუჩაში არ უნდა შეისყიდოს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ცხოველი არ არის დაკლული სასაკლაოზე. მან შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას”, – აცახდებს ლაშა ავალიანი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხორცის ყიდვის დროს მოქალაქეებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
„როდესაც მომხმარებელი მივა მაღაზიაში, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ცხოველი დაიკლა სასაკლაოზე და ის იყო ჯანმრთელი. დაკვლის პროცესს აუცილებლად უნდა დაესწროს სახელმწიფო ვეტერინარი. სასაკლაოზე დაკლულ ყველა ცხოველს უნდა მოჰყვებოდეს ეტიკეტი, რომელიც არის სპეციალური ინფორმაციის შემცველი ფურცელი, სადაც მითითებულია რომელ სასაკლაოზე და როდის დაიკლა და ა.შ. მომხმარებელმა უნდა მოსთხოვოს ეს ინფორმაცია ხორცის გამყიდველს და ის ვალდებულია უჩვენოს ეტიკეტი. ხორცის გამყიდველმა მომხმარებელს ასევე უნდა წარუდგინოს ფორმა N2, რომელიც დამატებით მოყვება ტრანსპორტირების შემთხვევაში, რომლითაც დასტურდება, რომ ცხოველი დაიკლა სასაკლაოზე“, – განმარტავს ავალიანი.
მისივე ინფორმაციით, ამ რეგულაციებს განსაზღვრავს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე სავალდებულოა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისათვის. აღნიშნული დირექტივა შეეხება საქართველოს, როგორც ევროკავშირთან DCFTA შეთანხმების მხარეს. რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა გულისხმობს ცხოველების გადაადგილებისა და ჯანმრთელობის კონტროლს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია.