ზაზა გაბუნია – ადგილობრივ თვითმმართველობში ანგარიშვალდებულება უნდა გაიზარდოს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბობს, რომ სამოქმედო გეგმამ უნდა გამოიღოს კონკრეტული შედეგი, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრებას.
,,დოკუმენტის მთავარი მიზანია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რაც ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული”, – ამბობს გაბუნია.
ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი სტაბილური შემოსავლები.
,,ცენტრალური ხელისუფლების როლი ამ შემთხვევაში უნდა იყოს დამხმარე კონსულტაციების დონეზე და რაც მთავარია თვითმმართველი ერთეულები არ უნდა იყვნენ დაქვემდებარების ქვეშ. 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის მთავარი შედეგი უნდა იყოს თვითმმართველობების მაქსიმალური დამოუკიდებლობა“, – აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას კოტე კანდელაკი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.
,,წლის ბოლომდე დეცენტრალიზაციის ერთიანი დოკუმენტი დამტკიცდება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება“, – განმარტავს კობახიძე.