გზა ევროპისკენ

გენდერული თანასწორობა და ასოცირების ხელშეკრულება

დოკუმენტში მითითებულია, რომ საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებას და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას. 
„ასოცირების ხელშეკრულება და მასში გაწერილი მოთხოვნები, დასაქმების, სოციალური დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოციალური ჩართულობა და გენდერული თანასწორობა“, – ნათქვამია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში. 
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მერიასა და საკრებულოებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების კოორდინაციას განახორციელებს. ამ მიზნით საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში გენდერული თანასწორობის პლატფორმა შეიქმნა, რომლის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა. 
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ თამარ ტალიაშვილის თქმით, პლატფორმის მიზანია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერება და გენდერული მიმართულებით თვითმმართველობის დონეზე უფრო ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება. 
„მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებს შორის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკის გახორციელების ეფექტური კოორდინაცია. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია, როგორც ევროსაბჭოს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, არის საუკეთესო მექანიზმი მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და, ზოგადად, ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის კოორდინირებისათვის. ამ მოტივების საფუძველზე შევქმენით ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის გენდერული თანასწორობის პლატფორმა. პროექტი ხორციელდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით“, – აღნიშნავს თამარ ტალიაშვილი. 
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალების ჩართულობის გაძლიერება ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას. 
„როდესაც გვყავს ბევრი წარმატებული, უნარიანი ქალი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და თუ საჭიროა, ვთხოვოთ კიდეც მათ, ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მესამე სექტორში ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერულ ბალანსს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრის კახეთის პროექტების კოორდინატორი ნატალია ცისკარაშვილი მიუთითებს, რომ რეალური თანასწორობის მიღწევის სახელმწიფომ ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს. 
,,დღეს ყველა მმართველ პოზიციებზე ძირითადად დასაქმებულები არიან მამაკაცები, ხოლო ქალები დაქვემდებარებულ საქმეს ასრულებენ. საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, უნდა იყოს დაინტერესებული, დაიცვას თანასწორობის პრინციპი, ამიტომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, სათანადო ზომები უნდა იყოს მიღებული, როგორც სახელმწიფოს, ასევე პარტიების მხრიდან: მათ უნდა შეიყვანონ ქალები ე.წ. გამსვლელ სიებში. ბოლო დროს, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობამ მოიმატა, თუმცა მონაწილეობა მაინც მცირეა’’,- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ნატალია ცისკარაშვილი.
ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა ჩართულობა გასული წლების მსგავსად დაბალია. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრი 227 მამაკაცი და 29 ქალი გახდა. knews.ge-სთან საუბრისას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ყველაზე მეტი ქალი საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოებში შევიდა.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 37 წევრიდან 5 ქალია, სიღნაღის საკრებულოს 29 წევრიდან 4, დედოფლისწყაროში 28-დან 1, ლაგოდეხში 31-დან 4, ყვარელში 27-დან 4, თელავში 35-დან 3, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 31 წევრიდან 5, ხოლო გურჯაანში 31-დან სამმა ქალმა მოიპოვა დეპუტატის მანდატი“, – განუცხადეს knews.ge-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
აღსანიშნავია, რომ კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტში ქალს არ უკავია მერის თანამდებობა. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო კი რეგიონში ერთადერი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის თავმჯდომარედ დეპუტატებმა ქალი აირჩიეს.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) ფინანსური მხარდაჭერით. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივ სისწორეზე.