თელავში ღვინის ფესტივალი ჩატარდება
როგორც knews.ge-ს თელავის მერიაში განუცხადეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართება ღვინის ფესტივალი. უწყების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
,,26 მაისს, თელავში, გაიმართება შემდეგი ღონისძიებები: ღვინის ფესტივალი – საგამეფონო დახლები; ქვევრის, ბოთლის და თანამედროვე ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა; ღია კინოთეატრში გაიმართება ღვინის და 100 წლიანი ისტორიის მხატვრული და დოკუმეტური ფილმების ჩვენება; ასევე ჩატარდება ლექცია-სემინარები ღვინის თემატიკაზე; დაგეგმილია ღვინის ჯიშების სახასიათო გაცოცხლება, რომელიც გაფორმებული იქნება მიზანსცენებით და კოსტუმირებული მსახიობების მეშვეობით. ასევე ღვინის მუზეუმში ექსპონატებისა და რეპროდუქციების გამოფენა გაიმართება. იმავე დღეს საბავშვო გასართობი ქალაქი მოეწყობა და სპორტული აქტივობები გაიმართება. მოედანზე ხალხური რეწვის და თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო სტენდები და სუვენირული პროდუქციისა და საფოსტო ბარათების გამოფენა-გაყიდვა. დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტი. ღონისძიებას გალა-კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს”,- განაცხადეს თელავის მერიაში.