თელავის სასაფლაოზე 26 წლის მამაკაცი დაჭრეს
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალური საავადმყოფოში გადაოყავანა. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ამ ეტაპზე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე 1979 წელს დაბადებული გ. ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით, 1992 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ა. თელავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.